დედაქალაქში არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის განთავსების თაობაზე საჯარო განხილვა გაიმართა

თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარის თამარ ტალიაშვილის ინიციატივით, საკრებულოში საჯარო განხილვა გაიმართა, რომელზეც დედაქალაქში არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციისა და მემორიალური დაფის განთავსების საკითხთან დაკავშირებით იმსჯელეს. საკითხის განხილვა ექსპერტთა, ხელოვანთა და არქიტექტურის ასოციაციის ჩართულობით გაიმართა.  

საჯარო განხილვაზე განიმარტა, რომ თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარის, თამარ ტალიაშვილის საინიციატივო წინადადების საფუძველზე, საქართველოს პარლამენტმა 2019 წელს შეიტანა ცვლილება „კულტურის შესახებ“ კანონში, რითაც „მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლი (ქანდაკება)“ შეიცვალა უფრო ფართო გაგებით — „არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიცია“. ტერმინმა მოიცვა ხელოვნების ყველა დარგი, მათ შორის, კონცეპტუალური ხელოვნება და თანამედროვე ინსტალაციები.

საკანონმდებლო ცვლილების მიზანია, მუნიციპალურ ტერიტორიაზე არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციების განთავსების წესმა თანამედროვე ხელოვნების განვითარების ტენდენციებს უპასუხოს.

საჯარო განხილვაზე ექსპერტებმა პუნქტობრივად განიხილეს „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციისა და მემორიალური დაფის განთავსების წესის დამტკიცების შესახებ“ დადგენილების სამუშაო ვერსია და კომისიას სარეკომენდაციო წინადადებები წარმუდგინეს. მათ აღნიშნეს, რომ თანამედროვე ხელოვნების პროცესი მუდმივად განიცდის მოდერნიზაციას და ტენდენციებთან შესაბამისობა აუცილებელია.

აღსანიშნავია, რომ მოქმედი რედაქცია განათლებისა და კულტურის კომისიის ინიციატივით თბილისის საკრებულომ 2015 წელს მიიღო. წესმა შექმნა ახალი სისტემა, რომელმაც უარყო მანამდე არსებული ერთპიროვნული გადაწყვეტილების პრაქტიკა, შექმნა სფეროს ექსპერტებით დაკომპლექტებული გამჭვირვალობისა და საჯაროობის პრინციპებზე დაფუძნებული კომისია.

საჯარო განხილვაში არქიტექტორებსა და სამხატვრო აკადემიის წარმომადგენელთან ერთად  მონაწილეობას იღებდნენ საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის აპარატი, თბილისის საკრებულოს დეპუტატები და თბილისის მერიის კულტურის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის წარმომადგენლები.