„რუსული პროპაგანდა ქართულ ეკლესიაში…და კრემლისმიერი ინტოქსიკაცია”
გიორგი ტიგინაშვილი
თეოლოგი
“რუსები ვერ იტანენ მათთან კარგ ურთიერთობას. კარგი ურთიერთობისაგან
ისინი იხრწნებიან, მყრალდებიან, როგორც ძეხვი მზის გულზე”.
ვიქტორ ეროფეევი
თანამედროვე ქართულ საზოგადოებაში, ბოლო დროს, საკმაოდ აქტიური გაფაციცებით შეინიშნება ერთობ არაადეკვატური და ამაზრზენად ნოსტალგიური დამოკიდებულება კრემლის ისტაბლიშმენტისა და რუსული “ძერჟავის” მიმართ. ტენდენცია შემდეგში მდგომარეობს: რამდენიმე “არასამთავრობოს” სახელს ამოფარებული ორგანიზაცია, პოლიტიკური პარტია თუ შავრაზმელთა მარგინალური გაზეთი დაუფარავად ეწევა “უძლეველი, ზნეობრივი და წმინდა რუსეთის” საკრალიზაციასა და რეკლამირებას. საწყისშივე უნდა ითქვას, რომ მკრეხელობა და ცინიზმია, როცა ისინი ამ “გამაჯანსაღებელ” პროცესს “მართლმადიდებლობის” ეგიდით ახორციელებენ. შესაბამისად, მათი მხრიდან, პარალელურ რეჟიმში, პროპაგანდისტული ტექნოლოგიების მეშვეობით მუდმივად მიმდინარეობს დასავლეთის ისტერიული დემონიზაცია, სადაც ვითომდა მორალური თუ სულიერი საზრდო არ მოიპოვება. ამგვარად შეფუთული სიცრუით, ემოციური ტემპერატურის აწევითა თუ სენსიტიური საკითხების ტირაჟირებით ხშირ შემთხვევაში ხდება გულწრფელი ხალხის სრული ზომბირება და ინტოქსიკაცია.
ზემოთ, ჩვენი სანუკვარი სარწმუნოება–მართლმადიდებლობა ვახსენე და ბარემ აქვე დავძენ, რომ მე, როგორც პროფესიით თეოლოგი, მეტ-ნაკლებად ჩახედული ვარ წმინდა წერილის, კანონიკური სამართლისა და ზოგადად ეკლესიოლოგიის საკითხებში, რომლის გათვალისწინებითაც, თამამად შემიძლია განვაცხადო, რომ მოსკოვის საპატრიარქო თითქმის უკვე სრულებით აცდენილია ქრისტიანობის ძირითად არსსა და იმ ფუძემდებლურ პრინციპებს, რამაც მაცხოვრის ჭეშმარიტი სიტყვა უნდა დაამოწმოს დედამიწაზე. მწუხარებით შევნიშნავ, რომ რეალურად, რუსეთის ეკლესია გადაიქცა კრემლის აგრესიული პოლიტიკის დომინანტობის ხელშემწყობ ინსტრუმენტად, იდეოლოგიურ მანქანად, რომელსაც უკიდურესად ეთნო–ნაციონალისტური და ფაშისტური ზრახვები ამოძრავებს. სინამდვილეში ფილეტისტური, ცრუ–მესიანისტური, ქსენოფობიური და შოვინისტური კონტენტის ომახიანი ქადაგება, პირდაპირ წინააღმდეგობაშია მაცხოვნებელ, ანუ ჭეშმარიტ ცნობიერებასთან. ასეთი დამღუპველი მექანიზმის წახალისება თავის მხრივ წარმოადგენს ცეზაროპაპიზმსა და კვაზირელიგიურ კლერიკალიზმს. მისთვის დამახასიათებელია პატრიოტული პოპულიზმი და მტრის ხატის გამოგონება. არადა ნამდვილი რწმენა არც ერთ შემთხვევაში არ უნდა იქცეს მასებისა და კოლექტივების მმართველ ცენტრად. დაუშვებელია რელიგიის იდეოლოგიზირება, რომელიც ტოტალიტარულად ზემოქმედებს ადამიანთა ფსიქიკაზე.
ამრიგად, ერთმნიშვნელოვნად უნდა აღინიშნოს, რომ პატრიარქ კირილეს ადმინისტრაციული აპარატი აბსოლუტურად მოწყვეტილია სამართლიანობისა და ძმად მოყვარების ელემენტარულ სულისკვეთებას, რაც გამოიხატება თუნდაც ლოკალურად საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური ეკლესიის მიმართ აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ეპარქიებში დესტუქციული და პოლიარქიული პროცესებით, რომლის ინსპირირებასაც რუსეთის უმაღლესი იერარქია ეწევა. აქედან გამომდინარე, ცხადია, რომ ჩვენს შორის არსებული ურთიერთობა ჩვეულებრივ არათანაბარ პირობებში წარმოებს და იგი მოკლებულია პატივისცემის იოტისოდენა წესებსაც კი.
გულწრფელად და დანანებით უნდა ითქვას, რომ ამჟამად, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქთა არც თუ ისე მცირე ნაწილიც, შეგნებულად თუ გაუცნობიერებლად, პრორუსული ორიენტაციის მიმდევარია.მათ შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია მოსაყდრე შიო (მუჯირი) თავისი ანტურაჟითა და გარემოცვით, ჯერ იყო და 2008 წლის აგვისტოს ომის დროს განსაცდელში მყოფი სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქია მიატოვა და თბილისში იმყოფებოდა (ავსტრალია-ახალ ზელანდიაში მაინც ყოფილიყო), შემდეგ კი არც ახლა და არც რომელიმე 8 აგვისტოს (10 წლის მანძილზე), მისგან არ გვახსოვს არც ერთი პატრიოტული ქადაგება ან ბრძოლის დროს დაღუპულთა სულების მოსახსენიებელად საგანგებო პანაშვიდის გადახდა ან რაიმე პოზიციის დაფიქსირება. აქვე იმასაც ვიტყვი, რომ სამწუხაროდ კრეტის წმინდა და დიდ კრებაზე წაუსვლელობაც საქართველოს ეკლესიის შემთხვევაში რუსეთის კონფიდენციალური დირექტივის შედეგია.
სამწუხაროდ, სასულიერო დასიდან ზოგიერთი ავტორიტეტული პიროვნება, რაც არ უნდა პარადოქსული იყოს, ჩრდილოეთის პოლიტიკურ ვექტორს ერთადერთ გადამრჩენელ პლათფორმად მოიაზრებს. ამ ფონზე, მეტად დისონანსურ ირონიასა და უცნაურ სინამდვილეს ვაწყდებით: –წმ. სინოდმა, ბოლო წლებში ერთხმად მოახდინა იმ პირთა კანონიზირება, რომელნიც რუსული ანექსიისა და რეპრესიების მსხვერპლნი იყვნენ სხვადასხვა დროს, უკანასკნელი ორი საუკუნის მანძილზე. ამდენად, საინტერესოა, მოქმედი მღვდელმთავრები (ამასთან, საზოგადოების ის ნაწილი, ვინც რუსიფიკაციას ეშურება) თავიანთი რუსოფილური მისწრაფებებით თუ რას პასუხობენ იმპერიალისტებისაგან დამცირებულ შემდეგ სასულიერო მოღვაწეებს: წმ. ანტონ II-ს, წმ. გაბრიელ ეპისკოპოსს, წმ. ძმებ კარბელაშვილებს–მღვდელმოწამეთ: ანდრია და პეტრე, წმიდამღვდელმთავარ სტეფანე, ფილიმონ, პოლიევქტოს აღმსარებელთ; წმ. კირიონ II-ს, წმ. ამბროსი აღმსარებელს, წმ. ალექსანდრე აღმსარებელს, წმ. ილია მართალს, წმ. ნაზარის და მასთან ერთად წამებულ დეკანოზებს–გერმანესა და იეროთეოსს, მღვდელ სიმონს, პროტოდიაკონ ბესარიონს; წმ. ექვთიმე აღმსარებელს, წმ. დიმიტრი ყიფიანს, წმ. დოსითეოზ ქუთათელს, წმ. ექვთიმე გაენათელს, წმ. ექვთიმე ღვთისკაცს, წმ. გიორგი და წმ. იოანე ბეთანიელ აღმსარებელთ, წმ. გაბრიელ აღმსარებელსა და ღვთისათვის სალოსს და მრავალ სხვას რუსთაგან წამებულსა და გადასახლებულს, დახვრეტილს, დევნილსა და შეურაცხყოფილს (შეუძლებელია იმ 850 ეკლესია–მონასტრის დავიწყებაც, რომელიც ავტოკეფალიის წართმევისა და ეგზარქოსობის პერიოდში დაიხურა, ვანდალურად დაზიანდა და გაიძარცვა); აგრეთვე, უამრავ ღირსეულ საერო მოღვაწესა და მამულიშვილს: ტიციან ტაბიძეს, გიორგი ლეონიძეს, მიხეილ ჯავახიშვილს, ნიკოლო მიწიშვილს, პაოლო იაშვილს, ვახტანგ კოტეტიშვილს, დიმიტრი შევარდნაძეს, კოტე მარჯანიშვილს, სანდრო ახმეტელს, ევგენი მიქელაძეს, იაკობ გოგებაშვილს, ლადო გუდიაშვილს, მერაბ კოსტავას, ზვიად გამსახურდიას, გიორგი ანწუხელიძეს და მრავალ სხვას…