მე ის ქართველი ვარ და ამავდროულად ის ოსი, რომლის წინაპრები დიდგორის ველზე აღმაშენებლის გვერდით იდგნენ!

წელს, დიდგორობას, დიდგორზე, „ქართული ერთობის დარბაზის“ დიდმა დელეგაციამ მიიღო ოსი კაცის, საქართველოს ღირსეული  შვილის, გოჩა ძასოხოვის წერილი:

“მიტევებას და მონანიებას, შერიგებას და ერთიანი მომავლის აშენებას, ალტერნატივა არ გააჩნია!” 

მე ის ქართველი ვარ და ამავდროულად ის ოსი, ვის ძარღვებშიც იმ 500 ალანის სისხლი ჩქეფს, რომლებიც დიდგორის ველზე დიდი დავით აღმაშენებლის გვერდით იდგნენ და უმრავლესობამ ჩვენი ქვეყნის ერთიანობას შესწირა თავი…

რომ გადავხედოთ ჩვენი, ამ ორი ერის ისტორიას, ქართველები და ოსები მყავს მხედველობაში, სიყვარული და ძმობა ჭეშმარიტად მეტი საპირწონეა, ვინემ წყენა და სინანული!ქართული სახელმწიფოს საძირკველშია ოსური სისხლი და ჩვენი დიდი წინაპრების ძვლები…. ასევე ვერ წარმომიდგენია ოსი ხალხის მომავალი,  ქართული სულისა და კულტურის გარეშე….

ქედს ვიხრი ჩვენი დიდი წინაპრების ხსოვნისა და საფლავების წინაშე, იმ წინაპრებისა, რომლებმაც ანდერძის სახით დაგვიტოვეს ერთმანეთის სიყვარული და თანადგომა.  მიუხედავად დიდი ტკივილისა, დაღვრილი სისხლისა,  მიტევებასა და მონანიებას,  შერიგებასა და ერთიანი მომავლის აშენებას ალტერნატივა არ გააჩნია!!!

მკერდმოჭრილი ამორძალია ჩემი საქართველო აფხაზებისა და ოსების გარეშე! დღეს უნდა ვუთხრათ სასტიკი  “არა”  პოლიტიკურ ფარიკაობას და მივეფეროთ ერთმანეთის სიყვარულში აფეთქებულ “სიმდსა” და “დაისს”! კიდევ ვიმეორებ, მე ოსი ვარ და ამავდროულად, ბედკრული საქართველოს შვილი და სანამ პირში სული მიდგას, ჩემი ხუთი შვილით მეგობარებისა და თანამოაზრეების დიდი არმიით, ჩვენი დიდი შერიგებისა და თანაცხოვრებისთვის ვიბრძოლებ!

თქვენც ამასვე მოგიწოდებთ ჩემო ქართველო და ოსო ძმებო და დებო!
მერწმუნეთ, სიკეთის და სიყვარულის გზა ღმერთისგან კურთხეულია… უფალმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ!”