“უცხოელებზე მოქალაქეობის გამკაცრება ხომ მივაღებინეთ, ასევე მიიღებენ ამასაც!..”

ცნობილი ხდება, რომ ზვიად ტომარაძის კანონპროექტი –  ჩადრით, ბურკით და ნიქაბით სიარულით აკრძალვაზე, ემზარ კვიციანმა პარლამენტში წარადგინა.

-ჩემს მიერ დაწერილი კანონპროექტი: ჩადრით, ბურკით და ნიქაბით სიარულით აკრძალვაზე, ემზარ კვიციანმა პარლამენტში წარადგინა. კანონპროექტის მიხედვით: სკვერში, პარკში, ყველა სახის საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და სხვა საზოგადოებრივ ადგილებში ჩადრით, ნიქაბით და ბურკით სიარული – გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. იგივე ქმედება ჩადენილი განმეორებით – გამოიწვევს დაჯარიმებას 1500 ლარის ოდენობით. აკრძალვა არ გავრცელდება საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის თანამშრომლებზე – წერს ტომარაძე.

ამ თემაზე სულ რამდენიმე კითხვით GmTV კანონპროექტის ავტორს, ზვიად ტომარაძეს დაუკავშირდა.

– რადის განიხილავს პარლამენტი შესულ კანონპროექტს?

-წესით ერთი თვის მანძილზე უნდა განიხილოს.

-როგორ ფიქრობ, გაბედავს ხელისუფლება ამ კანონის მიღებას?

-უცხოელებზე მოქალაქეობის გამკაცრება ხომ მივაღებინეთ? ასევე მიიღებენ ამასაც.

-მიიღეს, მაგრამ იმ ფორმით არა, როგორც ითხოვდით, ხომ არ მეშლება? ისევე როგორც ბინადრობის ყიდვასთან დაკავშირებული საკითხიც სხვა ფორმით დააანონსა ხელისუფლებამ და თქვენ მხარდაჭერებთან ერთად იწყებთ აკრძალვის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვებას

-ეს მიიღეს, მეორე საკითხი არ გაითვალისწინეს, რომელიც ეთნიკურად ქართველი ემიგრანტებისთვის მოქალაქეობის გამარტივებით მინიჭებას ეხებოდა.

ბინადრობის უფლება არ უნდა გაიყიდოს არც 35 000$–ად  და არც 100 000$–ად! სასწავლო, სამუშაო, საინვესტიციო ბინადრობის ნებართვა (პირობებით) კი ბატონო! მაგრამ ბინადრობის უფლების “გაყიდვა” უნდა აიკრძალოს!

კანონპროექტი რომელიც წარადგინა დეპუტატმა ივლიანე წულაიამ, რის მიხედვითაც 35 000$ თანხა უნდა აიწიოს 100 000$–მდე. ეთნოკულტურული ბალანსის დარღვევის საფრთხეების პრობლემას ვერ მოაგვარებს. აზიელი მიგრანტები ბინადრობის უფლების მოსაპოვებლად 100 000$ უპრობლემოდ გადაიხდიან ბინის შესაძენად. ძალიან გამიკვირდა, თუ რატომ შეიტანა ბ–ნმა ივლიანემ აღნიშნული ცვლილება პარლამენტში. აღმოჩნდა, რომ ივლიანე წულაია სამშენებლო კომპანია “არქი”–ს აღმასრულებელი დირექტორი იყო 2016 წლამდე და პარლამენტში შესვლის შემდეგ აღარ შეეძლო ამ პოსტზე დარჩენა. აშკარაა, რომ ინტერესები დღესაც გააჩნია ამ კომპანიაში და მის მიერ ცვლილების ინიცირება სახელმწიფოს ინტერესებიდან კი არ გამომდინარეობს, არამედ აშენებული ბინების სარფიანად გაყიდვას წარმოადგენს.

-წინა ინტერვიუშიც ვისაუბრეთ ამ თემაზე. და მაინც, რომ არ მიიღოს პარლამენტმა კვიციანის მიერ შეტანილი კანონპროექტი, რა იქნება შემდეგი ნაბიჯი?

-ვნახოთ, წინასწარ არ მსურს ვისაუბრო ამაზე.