“ჩემი აზრით მეორე ტურში ზურაბიშვილი და ვაშაძე გავლენ, პრეზიდენტი კი…”

საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით ზვიად ტომარაძის ჯერ კიდევ 1 წლის წინ გაკეთებული პროგნოზი გამართლდა.

ამ თემაზე სასაუბროდ ჩვენ მას კიდევ ერთხელ დავუკავშირდით.

-2017 წლის ნოემბერში ჩვენთან საუბარში განაცხადე – „ჩემი აზრით, დიდი შანსია 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე “ქართული ოცნების” კანდიდატი ქალი იყოს“ , მოდით გავახსენოთ სტატია მკითხველს და მერე გავაგრძელოთ საუბარი.

მასალა იხ.

https://www.gmtv.ge/%E1%83%93%E1%83%98%E1%83%93%E1%83%98-%E1%83%A8%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%90-2018-%E1%83%AC%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%9E%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%96%E1%83%98/

 თქვენი სიტყვები გამართლდა, მაინც რატომ ფიქრობდით ასე და მიდიოდა თუ არა ეს ნაფიქრი სალომე ზურაბიშვილთან, თუ „ოცნების“ წევრ რომელიმე ქალბატონს მოიაზრებდით?

-როდესაც ვთქვი ქართული ოცნების კანდიდატი ქალი იქნებათქო, ამის საფუძველს მაძლევდა მსოფლიოში მიმდინარე გენდერული თანასწორობის ისტერია და მეორეს მხრივ ქვეყნის რეალური მმართველის ბიძინა ივანიშვილის მცდელობები დაამსხვრიოს სტერეოტიპები. მაგალითად, მერის არჩევნების შემთხვევაში (ორჯერ) მერი არ უნდა ყოფილიყო თბილისელი, პარლამენტის თავმჯდომარის შემთხვევაში ყველა ელოდებოდა, პარლამენტში გამოცდილების მქონე, ასაკოვან კანდიდატურას, პირიქით – შემოგვთავაზა ახალგაზრდა, რომელსაც არანაირი გამოცდილება არ ჰქონდა. ოცნების მიერ მხარდაჭერილ პრეზიდენტობის კანდიდატებად სწორედ სალომე ზურაბიშვილსა და თეა წულუკიანს მოვიაზრებდი.

-მაშინ გვითხარით – „თუმცა თუ ქვეყანაში არსებული სიტუაცია არ შეიცვალა, არჩევნები ისევ ისეთი ფარსი იქნება, როგორც ვიხილეთ ბოლო წლებში, პრეზიდენტს ისევ ბიძინა ივანიშვილი დანიშნავს“-ო, გამოდის თუ არა ზურაბიშვილი ისევ ივანიშვილის ხელდასმული?

-სწორედ ამიტომაც არ წარადგინა ივანიშვილმა პირდაპირ კანდიდატი, თავი დაიზღვია და დამოუკიდებლობელი კანდიდატის მხარდაჭერის სცენა გაითამაშა, რადგან თუ ზურაბიშვილი დამარცხდება (ამის შანსი მცირეა მაგრამ მაინც), იტყვის რომ დამარცხდა არა ოცნების კანდიდატი, არამედ დამოუკიდებელი კანდიდატი, მიუხედავად იმისა, რომ მას მხარს უჭერდა მმართველი პარტია და ქვეყანაში დემოკრატიამ გაიმარჯვა.

-იმის გათვალისწინებით, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი „ოცნებაზე გაბრაზებულია“, თუ სოციალურ ქსელს გადავხედავთ მაინც და მაინც არც სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურას სწყალობს ხალხი, ოპოზიციის ნაწილი გაერთიანდა, კანდიდატების სია უსასრულოდ გრძელია, არის შანსი მოხდეს უპრეცედენტო შემთხვევა და ხელისუფლების მხარდაჭერილ კანდიდატს არჩევნებში სხვამ მოუგოს? მეორე ტურის ალბათობას ხედავთ?

-სალომე ზურაბიშვილი რომ ივანიშვილის სიმპატიით სარგებლობს, ეს გამოჩნდა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, სადაც ქართულმა ოცნებამ კანდიდატი არ დაუყენა და გზა გაუხსნა პარლამენტში. იმდენი კანდიდატია, რომ ხმები აუცილებლად გაიყოფა და წესით მეორე ტური გარდაუვალია, ჩემი აზრით მეორე ტურში სალომე ზურაბიშვილი და გრიგოლ ვაშაძე გავლენ, პრეზიდენტი კი წესით სალომე ზურაბიშვილი უნდა გახდეს.