პედაგოგების სახელფასო ბარათებიდან გამქრალი ფული და გაჩუმებული დაზარალებულები

უკვე მეორე თვეა გამოძიება იმის დადგენას ცდილობს ვინ და როგორ იპარავს პედაგოგების სახელფასო ბარათებიდან ფულს. საქმე იმაშია, რომ პედაგოგების სახელფასო ბარათებიდან ათასობით ლარი გაქრა და სხვადასხვა ტრანზაქციებით ტოტალიზატორში გადაირიცხა.

შსს-ში განმარტავენ, რომ გამოძიება ქურდობის, თაღლითობისა და კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ შეღწევის მუხლებით მიმდინარეობს. დაზარალებული მასწავლებლები ხელფასს სხვადასხვა ქართულ ბანკებში იღებენ, საიდანაც მონაცემები შს სამინისტრომ უკვე ამოიღო.

საქმეზე ხმაური უკვე ატეხა პედაგოგთა საკოორდინაციო საბჭომ, მაგრამ როგორც საბჭოს თავმჯდომარე დათო ფერაძე ამბობს, დაზარალებულმა პედაგოგებმა ბოლო წუთში უკან დაიხიეს.

-ზოგჯერ მგონია, მასწავლებელთა დიდ ნაწილს აღებული ხელფასები უკან რომ მოატანინოს მთავრობამ, უპროტესტოდ მოიტანენ. თქვენ დალოცვილებო, უამრავჯერ დამირეკეთ და მომწერეთ, რომ ბანკებმა გაგვძარცვესო, პატრონი არ გვყავსო, იქნებ დაგვეხმარეთო. ავტეხე განგაში: მივმართე ბანკებს, გავავრცელე მედიაში. მომეცით პირობა, რომ ტელევიზიასთან ვისაუბრებთო, მათთანაც იგივე თქვით… მერე სკოლის დირექტორებმა გითხრეს, უარი უთხარით ტელევიზიასო და დაიმალეთ? შეთანხმებული იყავით ჟურნალისტთან და უღალატეთ! ღმერთო, დიდებულო!!! რამ ჩაგაგდოთ ასეთ დღეში? „ რას გევხართ თუ ხედავთ ამას.. რა გიყოთ და რას დაგამსგავსათ მამაძაღლმა აბელა სეთურმა“ პედაგოგი რომ ასე მოიქცევა, რა გამოვა იმ ქვეყანაში?-აცხადებს ფერაძე და პედაგოგებს აქტიურობისკენ მოუწოდებს.

მისივე თქმით ბოლო 2 თვის განმავლობაში დასახმარებლად 80-მდე მასწავლებელმა მიაკითხა.