“მწარედ დამარცხდება ენმ თავისი კანდიდატით, ამის პირობას ვიძლევი”

ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ ისაუბრა სალომე ზურაბიშვილის განცხადებასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ კანდიდატთან გამართული კონსულტაციების შემდეგ, მისგან განმარტება მიიღეს. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, მთავარია ერთიანი პოზიცია და ეს პოზიცია არის მარტივი – 2008 წელს აგრესორი და ომის დამწყები იყო რუსეთის ფედერაცია, მაგრამ კობახიძის თქმით რუსეთი თავის აგრესიულ სცენარს ვერ განახორციელებდა, რომ არა მიხეილ სააკაშვილის დანაშაულებრივი, მოღალატეობრივი ქმედებები

-„იყო გარკვეული განცხადება, რომელიც იძლეოდა ინტერპრეტაციის საშუალებას. ამიტომ, ჩვენ გვქონდა კონსულტაციები ქალბატონ სალომესთან. მივიღეთ მისგან განმარტება იმასთან დაკავშირებით, თუ რა იგულისხმებოდა კონკრეტულ განცხადებებში და მოვისმინეთ ის, რაც მოვისმინეთ დღესაც. კიდევ ერთხელ, მთავარია ის, რომ გვქონდეს ერთიანი პოზიცია და პოზიცია არის მარტივი. კიდევ ერთხელ, აგრესორი 2008 წელს, ომის დამწყები და ყველაფერი იყო რუსეთის ფედერაცია, თუმცა, ის თავის აგრესიულ სცენარს ვერ განახორციელებდა, რომ არა მიხეილ სააკაშვილის დანაშაულებრივი, მოღალატეობრივი თუ არ ვიცი რა დავარქვა ქმედებები. ეს არის ყველასთვის ცალსახა, მთელი საზოგადოებისთვის ცალსახა და ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც საზოგადოებამ გაისტუმრა 2012 წელს და შემდეგ უკვე საბოლოოდ 2016 წელს „ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტიკურ, ასე ვთქვათ, სამარეში, იყო სწორედ ის, რომ მათ ჩაიდინეს 2008 წელს უმძიმესი დანაშაული ჩვენი ქვეყნის და ჩვენი საზოგადოების წინაშე და ამ დანაშაულს არც 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში აპატიებს საზოგადოება „ნაციონალურ მოძრაობას“. ძალიან მძიმედ და მწარედ დამარცხდება „ნაციონალური მოძრაობა“ თავისი კანდიდატით, გრიგოლ ვაშაძით, ამ არჩევნებში. ამის პირობას ვიძლევი საზოგადოების წინაშე”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.