ორგანიზაცია „არა ფობიას“ მეუფე პეტრეს განცხადებას ეხმიანება

პლატფორმა „არა ფობიას” მეუფე პეტრეს მიერ სალომე ზურაბიშვილზე გაკეთებულ განცხადებას დისკრიმინაციულად მიიჩნევს. ხელმომწერი ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ სასულიერო პირმა ზურაბიშვილსა და კათოლიკე მისიონერებს შორის ნეგატიური პარალელების გავლებისას, კათოლიკე ეკლესია შეურაცხყო.

„არა ფობიას“ აღნიშნავს, რომ სასულიერო პირმა, საეკლესიო მსახურების შემდეგ, ამბიონიდან, ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესების შეფასებისას განაცხადა, რომ მე-18, მე -19 საუკუნეებში ფრანგი მისიონერები მოტყუებით ქადაგებდნენ კათოლიციზმს, ხოლო საქართველოში კათოლიკე მოსახლეობას მათი თანამედროვეები გაუკუღმართებულ და წამხდარი აზროვნების მქონედ მიიჩნევდნენ. ამ ნეგატიურ კონტექსტში მოიხსენია მეუფე პეტრემ პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი.

სამოქალაქო პლატფორმის ხელმომწერ ორგანიზაციებს 19 სექტემბერს გავრცელებულ განცხადებაში მოჰყავთ ჭყონდიდის მიტროპოლიტის ციტატა:

„ძალიან საინტერესო სიტყვაა ქართულ ლექსიკონში – “დაფრანგული” და იცით, საიდან იღებს სათავეს? მაშინ, როდესაც მე-18-19 საუკუნეში ჩამოვიდნენ ფრანგი მისიონერები, რომლებიც კათოლიკურ სარწმუნოებას ქადაგებდნენ, ატყუებდნენ ქართულ მოსახლეობას, რომ თითქოს ფილოსოფიას ასწავლიდნენ. მათ ქართველმა ხალხმა დასავლეთში, გურიაში, სამეგრელოში “ფრანგული”, “დაფრანგული” უწოდა ანუ გაუკუღმართებული, წამხდარი, მათ აზროვნებას. და აი ჩვენ „დაფრანგული” ქალბატონი თავისი „დაფრანგული” აზროვნებით ვერ მოგვიტანს კეთილდღეობას.”

„არა ფობიას“ მიაჩნია, რომ სასულიერო პირის მხრიდან პოლიტიკოსის მიმართ გაკეთებული ეს განცხადება სცილდება ჯანსაღი კრიტიკის ფარგლებს და ქსენოფობიური და ანტიკათოლიკური კონოტაცია შეიძინა, რაც შეურაცხყოფს კათოლიკე ეკლესიასა და მის მრევლს, რადგან რელიგიური და ეროვნული ნიშნით დისკრიმინაციული ხასიათისაა.

განცხადებას ხელს აწერენ: მედიის განვითარების ფონდი, ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი, საფარი, საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა და საქართველოს რეფორმების ასოციაცია.