თბილისი – სიკვდილის ჩართული სააამქრო!..

     ნაირა გელაშვილი

   ბატონო მერო!
თქვენ არა მხოლოდ უნდა გადადგეთ, არამედ უნდა გაქრეთ კიდეც!
თვალს უნდა მიეფაროთ ქალაქ თბილისის ბლანტ ატმოსფეროში, რომლის შედედებაშიც ლომის წვლილი მიგიძღვით! რკინა-ბეტონებს შორის მოქცეულ მის ხრიოკებში, სადაც თქვენს მიერ მოჭრილი, ვეება ნაძვების ნარჩენებს სისხლივით სდით სურნელოვანი წვენი.
ძვირფასი, ნედლი, ძლიერი ხეები, რომლებსაც სიცოცხლე სწყუროდათ და სიცოცხლეს გვაძლევდნენ, სიცოცხლეს, რომელსაც თქვენ გვართმევთ!
(თავისთავად, დიდი ხეები ამ სამყაროს ისეთი სასწაულია, რომ მათ უძველესი ადამიანი, რომელსაც ბუნების ენა ესმოდა, თაყვანს სცემდა, როგორც ღვთაებებს).
ცხადია, ფიზიკურ აორთქლებას არ გისურვებთ, სულიერად კი მართლა ასე გაქრებით, როგორც გამქრალა ყველა დამნაშავე უპიროვნობა.
ხოლო სამართლებრივად, ასეთი რამ ჩვენში მართლა რომ არსებობდეს, – წინა მერის გვერდით უნდა იჯდეთ დიდი ხანია, და არა მხოლოდ თქვენ, რა თქმა უნდა. ამას გეუბნებით, რადგან თქვენი თაოსნობით გაგრძელდა „ნაციონალთა“ გაუგონარი ბარბაროსობა: იმ გარეგნულად ვითომ მოდერნისტ რეფორმატორთა ბარბაროსობა, რომლებიც შეპყრობილნი იყვნენ ჟინით, რაიმენაირად წაეშალათ თბილისის ძვირფასი იერი, მისი ყველა სიძველე და სილამაზე, ყველაფერი, რაც ჩვენ, თბილისელებს და არათბილისელებს ერთად გვიყვარდა, ყველაფერი გამახარელი, რაზედაც ჩვენი წარმოსახვები და მოგონებები სიამოვნებით იყრიდნენ თავს; ჩვენი საერთო, ცოცხალი მეხსიერების პატარ-პატარა კუნძულები: იქნებოდა ეს პარკები, სკვერები, ქალაქში შემოჭრილი მთა-გორაკები, მდინარე თუ მართლა ევროპელი არქიტექტორების მიერ აგებული ძველი, ლამაზი შენობები.
აი, ამ მოდერნისტ პროვინციალებსა და უმდარესი გემოვნებით გამორჩეულ მათ მეთაურს მიაჩნდათ, რომ მთავარი არის არა სიცოცხლე და სილამაზე, ბუნება და ჰაერი, არამედ ფული, რომელიც შემოედინებოდა და შემოედინება დანაშაულებრივი მშენებლობებიდან, ადამიანთა მასობრივად გამანადგურებელი სამორინეებიდან თუ ბანკების ჯოჯოხეთური ხლართებიდან.
თქვენ, ძველ და ახალ მერებს, და თქვენს ზემოთ, ქვემოთ და გვერდით განფენილ კოლექტივს, მათ შორის მწვანე იდეალების გამყიდველ კონფორმისტებს, ბრალს გდებთ თბილისი, საქართველო, ისტორია და შთამომავლობა ჩვენი დედაქალაქის გაპარტახებაში:
იმაში, რომ მოლაპლაპე შუშებით, რკინა- ბეტონით, რადიაციული სამშენებლო მასალით აგებული მახინჯი ცათამბჯენებითა და მილიონობით მანქანით გატენეთ სივრცე!
წაგვართვით სავალი ნაწილი ფეხით მავალებს!
დაახშეთ ცა და ხედი!
მოწამლეთ ჰაერი!
მეზობელი სახლების ფანჯრები ლამის ერთმანეთს მიაკარით და ადამიანებს ელემენტარული პირადი სივრცე გაუნადგურეთ!
შექმენით უსახურობის ნეკროფილური ზონა, რომლის ყოველი უჯრედი უარყოფითი ემოციების ისრებს უყრის ჩვენ გულებს!
ბრალს გდებთ თქვენ, ვინც თავად წალკოტებში და აგარაკებზე ცხოვრებით ტკბებით, ვინც საკუთარ ოჯახებს ამქვეყნიურ სიკეთეთა ფართო სპექტრს სთავაზობთ, სხვები კი სიღატაკეში, სიმახინჯესა და სიბინძურეში სიცოცხლისა და სიკვდილისათვის გაწირეთ!
რადგან იშვიათი ლანდშაფტური და ხუროთმოძღვრული თავისებურებით გამორჩეული, ოდესღაც „მზისა და ვარდების მხარედ“ განცდილი თბილისი´- დღეს სიკვდილის ჩართული საამქროა!
ის მაინც როგორ არ გაწუხებთ, რომ, როცა თქვენი ოჯახის წევრები აქაურ და უცხოურ აგარაკებს იცვლიან, ათასობით ლიმონივით გაყვითლებული ბავშვი თბილისური ზაფხულის ჯოჯოხეთურ ხვატში იგუდება! თქვენ კი ხეებსაც აღარ უტოვებთ, რომ მათ ჩრდილს მაინც შეეფარონ!
არადა, შეგეძლოთ მარტივი საზაფხულო ბანაკები მაინც მოგეწყოთ კუსტბაზე, ლისის ტბაზე, ბაზალეთის ტბაზე თუ თბილისის ზღვაზე, რომ თვითეულ ბავშვს ათი დღე მაინც დაესვენა! ან აუზები მოგეწყოთ ქალაქში, სადაც ბავშვები იჭყუმპალავებდნენ! (რაც იყო, ისიც მოსპეთ: „ლაგუნა ვერე“). აი, ასეთ საქმეში ყველანი გვერდით დაგიდგებოდით და უფასოდ შემოგთავაზებდით სამსახურს, პირველ რიგში კი, დარწმუნებული ვარ, ის ახალგაზრდები გააკეთებდნენ ამას, რომლებიც თქვენთვის, ბატონო მერო, თურმე „ვირიშვილიმაიმუნები“ არიან!
რადგანაც სტილი თქვენ დანერგეთ, მეც გეტყვით, რომ თქვენ თავად მთელ თქვენს მერიასთან ერთად (წესიერ თანამშრომელთა გამოკლებით, ცხადია), – დიდი ხანია „კოლექტიურ მურვან- ყრუდ“ იწოდებით შეურაცხადობამდე მისული უგრძნობლობის გამო დედა-ქალაქის მიმართ.
ეს ახალგაზრდობა კი ჩვენი ერთადერთი იმედია ამ ქვეყანაში, რადგან ის არის მომავალი, რომელიც თქვენ გძულთ!
სწორედ მათი გრანდიოზული საპროტესტო გამოსვლები იქცა იმ გადამწყვეტ ძალად, სისხლში ამოსვრილი წინა ხელისუფლება ხერხემალში რომ გადაამსხვრია. ხომ არ დაგავიწყდათ? დარწმუნებული ხართ, რომ ეს ძალა აღარ გამოიღვიძებს? მას, სხვა თუ არაფერი, ხომ სიცოცხლე სწყურია და თავს გაზის კამერაში არ ამოგახრჩობინებთ! ის არ ეყოფათ ამ ქვეყანამ ბავშვობა და ახალგაზრდობა რომ წაართვა?
ნუ მიიყვანთ საქმეს მასობრივ დაპირისპირებამდე, გადადექით! და დაგვივიწყეთ!
თქვენ დიდი სიძნელე შეუქმენით „ქართულ ოცნებას“, რადგან თქვენნაირი მერითა და მერიით მას არჩევნებში გამარჯვება ძალიან გაუჭირდება!
ამიტომ არ მინდოდა არჩევნებამდე ძალიან კრიტიკული წერილების გამოქვეყნება: არ მსურს, უნებურად შევეწიო სამარადჟამოდ დამნაშავე „ნაციონალებს“, რომელთა აღზევებას და ორხელისუფლებიანობას ჩვენი მოცახცახე ქვეყანა ნამდვილად ვეღარ გადაიტანს!
მაგრამ თქვენ მაიძულეთ, რადგან:
ჩვენ, ადამიანები, დედები და მამები ოთხწლიანი ციკლებით კი არა, ჩვენი შვილების სუნთქვის რიტმით ვცხოვრობთ! და არ მოგცემთ უფლებას, თქვენი უგუნურებით, უმეცრებითა და უპატიოსნობით სასუნთქი სივრცე მოგვისპოთ!
დიახ, თავს ვიკავებდი დიდი ხნის ნაგროვები სიმწარის გადმოღვრისაგან! რადგან ამ ხელისუფლებამ თავისი რეალური მეთაურის წყალობით ჩამოაგდო ტახტიდან მოძალადეთა საზარელი ხროვა! რადგან ეს ხელისუფლება, განსხვავებით წინანდელისგან, ჯერჯერობით (პირდაპირი) მკვლელი არ არის, სახლებში არ გივარდება, არ გძარცვავს და არ გაუპატიურებს! მადლობა მას ამისთვის!
მაგრამ ის ავადმყოფობას და ნელ სიკვდილს გვისჯის სასიცოცხლო სივრცის შემუსვრით! უსისხლოდ, სახსრების მსხვრევის გარეშე მიგვერეკება საავადმყოფოებისა და სამარეებისაკენ!
თუმცა უკვე იყო პირველი „გარღვევები“: სისხლის ფარული წყურვილის პირველი ამონთხევები: მწერლის, პოლიტოლოგის, ნამდვილი სამოქალაქო აქტივისტის – ირაკლი კაკაბაძის დაუნდობელი და მიზანდასახული ცემა პოლიციის მიერ გასული წლის 25 დეკემბერს, მისი ისედაც პრობლემური ჯანმრთელობის საბოლოოდ შერყევის მიზნით. და შედეგი: საქალაქო სასამართლომ დააჯარიმა თავად მსხვერპლი! განა იმ დღეს არ შემოგვასუნთქა „ნაცების“ სისხლიანმა ოხშივარმა, რის წინააღმდეგაც ირაკლი კაკაბაძე იბრძოდა თავდაუზოგავად?
და როგორ ბედავთ თქვენ, საბჭოური უხიაკობისა და უნაყოფობის გამგრძელებლებო, სახელის გარდა ყველაფრის მომხვეჭელო ძველ-ახალო ჩინოვნიკებო, რომ შერაცხყოფას აყენებთ ჩვენი ახალგაზრდობის ყველაზე ღირსეულ ნაწილს! ნახევრად მშიერ ბავშვებს, ჩვენს შვილებს, შიშველი ხელებით რომ იბრძვიან სიცოცხლისა და სამართლიანობისათის, მაშინ როცა თქვენი შვილები მზამზარეულ კეთილდღეობაში უზრუნველობენ!
და ეს საუკეთესო ნაწილი, მაგალითად, „მწვანე მუშტი“, და აუდიტორია 115 – ია!
როგორ ბედავთ მათზე ხელის აღმართვას, ვინც სიცოცხლის რისკით, სრულიად დაუცველი ებრძოდა წინა ხელისუფლების სისასტიკეს?
ვინც წარსულის ოქროს გზავნილის – საყდრისის გადარჩენისათვის ხარჯავდა ენერგიას, სასიცოცხლო დროს, იწყვეტდა ნერვებს? ვინც საქმის დიდი ცოდნით იცავდა და იცავს ძველ თბილისს ანტიკულტურის მსახვრალი სულისაგან? ( ეს ალეკო ელისაშვილი და „ტფილისის ჰამქარია“).
ვინც თავისი თავგანწირვით შეუნარჩუნა დიღმის ტყე-პარკის ნარჩენი თბილისს? (ეს მხატვარი ანა გაბრიაძეა), ვინც გადაარჩინა ვაკის პარკი განადგურებისაგან (ესენი პარტიზანი მებაღეები არიან), ვინც მაღალპროფესიულ დონეზე ამხელს ყველა ეკოლოგიურ დანაშაულს თბილისში და მთელ საქართველოში, მაგალითად, გრანდიოზულ ეკოლოგიურ დანაშაულობებს: ხუდონჰესის, ნამოხვანიჰესის და სხვა ჰესების ფინანსურად ყოვლად საეჭვო, ანტიმეცნიერულ, დროში ჩამორჩენილ პროექტებს ( და ეს „მწვანე ალტერნატივა“, ნინო ჩხობაძე, ეკოლოგიური გაერთიანება „ სტეფანეწმინდა“ და მათთან ერთად ისევ ის სტუდენტები არიან).
ვინც, ვიდრე მერია და მისი თავი გონს მოვიდოდნენ, უკვე იქ იყვნენ ვერეს წყალდიდობისას, და ზოგი ცხოველების, ზოგი ადამიანების გადარჩენისთვის იბრძოდა, მერე კი ხელისუფლებაზე ადრე, საკუტარი იარაღებით დაიწყეს დატბორილი ტერიტორიის გაწმენდა ტალახისა და ქვა-ღორღისაგან!
და აი, ამ ახალგაზრდებიდან, ვინც ქვეყნის სასიცოცხლოდ აუცილებელ უმცირესობას წარმოადგენენ, უმეტესობა დღევანდელი ხელისუფლების პირობებში ასე თუ ისე უკვე ხელყოფილია: ან მორალურად ან ფიზიკურად შეურაცხყოფილი! სხვა და სხვა ვითარებაში ან ნაცემია, ან ნათრევია, ან დაჭერილია, ან უსამართლოდ გალანძღული და მასხრად აგდებული! ან უკვე ნერვები აქვს დაწყვეტილი თავის მშობლებთან ერთად, რომლებიც მათ გამო ნერვიულობენ! განა ახლაც შეურაცხყოფას არ აყენებენ თქვენი დამქაშები მერიის წინ მოშიმშილეებს?
აი, ეს კოლექტიურ-ანონიმური უპასუხისმგებლობა, და მისი წარმომდგენლობითი სახე: ბატონი დავით ნარმანია ერთ ( ხეირის მომტან) მანტრაში ჰპოვებს თავისუფლებას. მანტრა იწყება სტრიქონებით:
„სააკაშვილის ხელისუფლებამ დადო ეს ხელშეკრულებები
და ჩვენ იურიდიული უფლება არა გვაქვს,
გავაუქმოთ ისინი, და აბა რა უნდა ვქნათ, რაააა!“
სტილურ სიმძაფრეს დაგესესხებით, დიდო მერო, და გეტყვით, მანდ იმიტომ ზიხართ, რომ თბილისი გადაარჩინოთ!
გარდა ადამიანის უფლებების დაცვისა, ჩვენ დაგიკვეთეთ სამუშაო ადგილები დედაქალაქში, ეკონომიკის აღორძინება, სასიცოცხლო სივრცის დაცვა: სუფთა ჰაერი, სუფთა საკვები, პარკები, ბაღები, გარეცხილი, სუფთა ქუჩები, ქალაქის სილამაზე, და ა. შ. ერთი სიტყვით, ყველაფერი, რაც პატარებისა და დიდების ჯანმრთელობას და სიხარულს სჭირდება. რასაც იმსახურებს ადამიანის ერთჯერადი სიცოცხლე ამ დედამიწაზე! ამიტომ გაქვთ ამხელა ხელფასები და კიდევ უფრო დიდი პრემიები!
თუ არაფერი შეგიძლიათ, თუ არც უფლება გაქვთ და არც ფანტაზია, არც იდეები მოგდით თავში, არც ფული გაგაჩნიათ კარგი საქმისთვის, და, როგორც აღმოჩნდა სამშობლოს ერთგული ახალგაზრდობაც გძულებიათ, – წაადით! გადადექით! ეს მაინც შეიძელით, რათა მთლად არ ჩაინაცროთ უთავმოყვარეობისა და უსახეობის უძირო ხაროში! რათა კიდევ უფრო დიდ დანაშაულობებში არ გაყოთ თავი!
ეგებ სხვამ შეძლოს და შეაჩეროს ქალაქ თბილისის განადგურება!
რადგან სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ თქვენი და წინა მერის ან მერების წყალობით აქტიური მიწისძვრების ზონაში მდებარე ქალაქი თბილისი კატასტროფისაკენ მიექანება! რისი უვერტიურაც იყო დაბეტონებული მდინარე ვერეს შურისძიება, რომლის მსხვერპლი თქვენი უნიათობის გამო გახლდათ ესოდენ დიდი.
სააკაშვილის ველური კანონებით, ყველანაირი მეცნიერული საზომების უგულვებელყოფით აშენებული და მშენებარე შენობები, რომელთა უმეტესობა შეუფერებელ ადგილას, მყიფე გრუნტზე, მაგალითად, ყოფილ ნაგავსაყრელებზე, მდინარე ვერეს კალაპოტში თუ ერთი ბეწო კლდეზეა აგებული, – მცირე მიწისძვრასაც კი ვერ გაუძლებს და ჩამოინგრევა! აღარაფერს ვამბობთ იმაზე, რომ საშენი მასალების უვარგისობისა და რადიაციული გამოსხივების გამო, ისინი ჯანმრთელობისთვის საშიშია. რომ უკონტროლო სამშენებლო ბიზნესს, შრომის ინსპექციისა და პროფკავშირების არ არსებობის წყალობით, ძალიან დიდი ადამიანური მსხვერპლი მოაქვს!
ამდენი გიგანტური შენობებისა და ცათამბჯენების წყალგაყვანილობა მიერთებულია თბილისის ისედაც ძველ, დაცხავებულ და დაჟანგებულ კანალიზაციის სიტემასთან, რაც დღეს თუ ხვალ ასეთ დატვირთვას ვეღარ გაუძლებს და გასკდება, მოხდება მიკრო წარღვნა, ოღონდ არა არქაულად სუფთა წყლით, არამედ – ფეკალურით!
როგორც სპეციალისტები ჩუმჩუმად ლაპარაკობენ, მოსალოდნელია მიწის ჩავარდნა სპორტის სასახლის უკან, ასევე: ვაკეში, გალაკტიონ ტაბიძის ძეგლის გარშემო – სადაც მართლაც მონსტრი შენობების ჯგრო აიხარხლა. ჩემი თვალით მაქვს ნანახი, როგორ ჩავარდა მიწა სოლოლაკში, გალაკტიონის ქუჩაზე და როგორ სახელდახელოდ ამოავსეს რაღაცით.
თბილისის შემოგარენში, მაგალითად, კერძო მესაკუთრეთა მიერ განადგურებული კუსტბის ფერდობებზე ერთიანად ხმება ნაძვნარი და უკვე სხვა ხეებიც: აპოკალიფსური ბაირაღებივით აღმართულან მკვდარი ხეების შავი ჩონჩხები.
მოკლედ, ჩვენმა ხელისუფლებებმა და მერებმა სამყაროს ძალები გამოიწვიეს! ისინი ჯერჯერობით გვინდობენ, შეხედეთ, გარშემო მიწისძვრების რა კასკადია! თურქეთში, იტალიაში… ხოლო თბილისში ლამის საქართველოს მოსახლეობის ნახევარია თავმოყრილი, რაც ასევე დანაშაულია.
აი, ეს ყველაფერი უშუალოდ გეხებათ თქვენ – დედაქალაქის მერს!
აი, ეს ყველაფერი იციან თქვენზე და თქვენს საძმოზე ბევრად უფრო განათლებულმა და უნარიანმა ახალგაზრდებმა და არა სურთ სამარცხვინოდ დაქცეულ დედაქალაქში დაასრულონ სიცოცხლე!
ამიტომ, თქვენ, ყველა ჯურის ზემდგომებო! არ გაბედოთ ხელის აღმართვა ამ ახალგაზრდებზე და მათი შეურაცხყოფა! გახსოვდეთ, ასეთი ამბებით საშიში პროცესები იწყება ხოლმე!
დაიმახსოვრეთ, რომ თქვენს მიერ დეკლარირებული ღირებულებებიდან უპირველესი გახლავთ ადამიანის უფლება იცოცხლოს! და მისი უფლება – ღირსების შესაბამისად იცხოვროს!
ეკოლოგები და გარემოს დამცველები ის რაინდები არიან, კარგად რომ ხედავენ ჩვენი მომაკვდავი ცივილიზაციის იარებს, გლობალური დათბობის, მდინარეების დაგუბების, ტყეები გაჩეხვისა თუ ქალაქების უზომო ტექნიკური გადატვირთვის შემზარავ შესაძლო შედეგებს!
თავი დაანებეთ თქვენს მეორე, ყოვლად ბანალურ მანტრას: „აბა არ გვინდა განვითარება? აბა, არაფერი არ უნდა ვაშენოთ?“ ეგ საქმოსნების ვირეშმაკული ლოგიკაა!
სწორედ იმას გედავებით, რომ თქვენ არც განვითარების კონცეფცია გაგაჩნიათ და არც შენების! არც მეცნიერებასთან მეგობრობთ და არც კანონთან! რადგანაც გაწყობთ ასე სტიქიურად და ველურად, გეგმისა და პროფესიული შესწავლის გარეშე „შენება“! ჩვენი ბუნების დატაცება- დასაკუთრება! ხალხის გარეკვა საერთო სივრციდან!
დღეს მომავალი მხოლოდ იმ შენებას და ეკონომიკას ეკუთვნის, რომელსაც გაცნობიერებული აქვს, რომ ადამიანის უზომო მომხვეჭელობის, ბუნების აღვირახსნილი ექსპლოატაციის შედეგად პლანეტა დედამიწა სიკვდილისაკენ გადაიხარა. როდის ჩამოაღწევს თქვენამდე ეს ამბავი?
დღეს მხოლოდ ის უნდა აშენდეს, რაც ბუნებას, კულტურას, ადამიანის ჯანმრთელობას და კეთილდღეობას თანაბრად არგია! წაიკითხეთ უახლესი აზროვნების ნიმუშები და საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნები! და ისედაც, იმ ცივილიზაციების ბედი, რომლებმაც სული ფულს ანაცვალეს, – ბედკრული აღსასრულია.
მაგრამ ეს ფართო და თქვენთვის უცნობი თემაა, ძალიან კარგად რომ იციან თქვენს მიერ ისტორიული ფრაზით შემკობილმა ახალგაზრდებმა.
ამიტომ იმით დავასრულებ, რითაც დავიწყე:
გადადექით! და სწრაფად!
რადგან იმ რადიკალურ ცვლილებას, რაც დედაქალაქისა და თქვენი ღირსების გადარჩენას სჭირდება, თქვენ და თქვენი ე. წ. გუნდი ვერ განახორციელებთ! და ყველაზე კარგად ხომ თავად იცით ეს!

კომენტარის დატოვება