ცვლილებები – თამბაქოს მოწევა თეატრში და აგიტაცია სპექტაკლის წინ, ასევე…..

თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონში რიგი ცვლილებები შედის

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილება განიხილეს, რომლითაც შესაძლებელი გახდება თამბაქოს ნაწარმის შეფუთვაზე სამედიცინო გაფრთხილება ინგლისურ ენაზე განთავსებაც სასაზღვრო კონტროლის ზონაში არსებულ თავისუფალი ვაჭრობის პუნქტში რეალიზაციის და განლაგებისას.

კანონპროექტით შესაბამისი მუხლი ყალიბდება იმგვარად, რომ შეზღუდვა იხსნება უმაღლესი საგანმანათლებლო, პროფესიული, სამედიცინო და ფარმაცევტული დაწესებულებების საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე, თამბაქოს მოხმარებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ.

თუმცა მისივე თქმით, ამისთვის დგინდება გარკვეული პირობები. კერძოდ, აღნიშნული დაწესებულებების ტერიტორიაზე თამბაქოს მოწევა დასაშვებია ხელმძღვანელის მიერ სპეციალურად განსაზღვრულ ადგილას და ასეთი ადგილების რაოდენობა დაწესებულების ტერიტორიაზე არ უნდა აღემატებოდეს 3-ს, ხოლო თითოეული ადგილის ფართობი არ უნდა იყოს 20 კვადრატულ მეტრზე მეტი.

საგამონაკლისო წესში მოექცევა სათამაშო აპარატების სალონი, რომლის მოწყობის ნებართვისათვის დადგენილია სანებართვო მოსაკრებლის განაკვეთი არანაკლებ 200 000 ლარის ოდენობით. წარმოდგენილი ცვლილების თანახმად, თამბაქოს მოწევა დასაშვები გახდება პროფესიული თეატრის მუდმივი სარგებლობისათვის განკუთვნილ შენობა-ნაგებობებში მხოლოდ მსახიობის ან/და შემსრულებლის მიერ სპექტაკლის ან/და თეატრალური წარმოდგენის მიმდინარეობის დროს, რეჟისორის შემოქმედებითი ჩანაფიქრის განხორციელების მიზნით. ამასთანავე, სპექტაკლის ან თეატრალური წარმოდგენის დაწყების წინ მაყურებელს უნდა მიეწოდოს ინფორმაცია თამბაქოს ნაწარმის მავნე ზემოქმედების შესახებ.

დეპუტატების მხრიდან აზრთა სხვადასხვაობა გამოიხატა სათამაშო აპარატების სალონში სიგარეტის მოწევასთან მიმართებაში არსებული ცვლილების მიმართ. „ამ საკითხზე გავაგრძელოთ მსჯელობა, რა არგუმენტები არის ამის საპირწონედ, რომ ეს წესი დავადგინოთ“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.