პანდემიის დროს საერთო კოვზზე უარის არ თქმა გაუგებარია – მარგველაშვილი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი სინოდის გადაწყვეტილებას ეხმაურება და ამბობს, რომ პანდემიის დროს საერთო კოვზზე უარის არ თქმა გაუგებარია. ამის შესახებ მან საკუთარ ტვიტერზე დაწერა.

გიორგი მარგველაშვილის კომენტარს უცვლელად გთავაზობთ:

ქრისტიანობა განათლების, თანამედროვე ცივილიზაციის შემქმნელი რელიგიაა. პანდემიის დროს, არა ზიარების საიდუმლოების, არამედ წესის არ შეცვლა, საერთო კოვზზე უარის არ თქმა გაუგებარია.
მახსენდება: “ჯერ შიგნიდან გაასუფთავეთ სასმისი და ჯამი, რომ გარედანაც სუფთა იყოს” (მათე 23:26)

 

“ეკლესიის წევრებისათვის ზიარების საიდუმლოების არსში დაეჭვება და მოქმედებით ამის გამოხატვა; მაგალითად: საზიარებელ საერთო კოვზზე უარის თქმა, როგორც ინფექციის გადამყვან წყაროზე, ყოვლად მიუღებელია”, — წერია სინოდის განჩინებაში , რომელიც 20 მარტს სხდომის დასრულების შემდეგ საზოგადოებას მიტროპოლიტმა გააცნო.

რაც შეეხება ტაძარში მორწმუნეთა სიმრავლისა და საეკლესიო რიტუალების უსაფრთხოებას კორონავირუსის პანდემიის დროს, სინოდი აცხადებს, რომ “ეკლესიის ყველა საიდუმლოება სულიწმინდის მოწმედების სფეროა”, სადაც აღესრულება “ღვთაებრივი სასწაულები”.