„როდსაც მიტევების კვირას მრევლს შენდობას თხოვთ, მე სწორედ ამ ცოდვას შეგინდობთ“ – ღია წერილი

რუბრიკა

თქვენი სათქმელი

ზვიად ცაბაძე

რელიგიის ექსპერტთა ასოციაციის თავმჯდომარე

ღია წერილი მის უწმინდესობას

თქვენო უწმინდესობავ, 14 სექტემბრის ქადაგებაში ირიბად მხარი დაუჭირეთ მოძალადე რექტორს და სტუდენტების მიერ გამოხატულ გულისტკივილს და პროტესტს ამპარტავნება და დამღუპველი გზა უწოდეთ. ჩემი მოლოდინი გამართლდა და ამ ქადაგებით გულმოცემულმა რექტორმა ისევ “მიჯირყვნა”, სტუდენტები.

სამწუხაროა, რომ არასდროს, სემინარიის ადმინისტრაციის და სტუდენტებს შორის არსებული მწვავე კონფლიქტის დროს, რექტორისაგან გაწამებული და შეურაცხყოფილი სტუდენტები არათუ დაგიცავთ და გაგიმართლებიათ, პირიქით დაგიდანაშაულებიათ. ასე მოხდა 2012 წლის მოვლენების დროსაც, როდესაც ათეულობით სტუდენტი აღშფოთებული გატყობინებდათ, თუ როგორი დიქტატურა დაამყარა თქვენ მიერ დანიშნულმა პატივცემულმა რექტორმა თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში. როდესაც ორი სტუდენტი თქვენთან ამ მწვავე საკითხებს განვიხილავდით, ამ დროს საპატრიარქოს კარიბჭესთან ათეულობით სტუდენტი შემოსვლას და ჩვენი ნათქვამის დადასტურებას ითხოვდა. მაგრამ თქვენ ეს არ დაუშვით, რადგან მერე იძულებული გახდებოდით ჩვენი სიმართლე გერწმუნათ და შესაბამისად გემოქმედათ.

დანანებით აღვნიშნავ, რომ ამ ამბებიდან მცირე ხნის შემდეგ პატივცემული რექტორის შერყეული ავტორიტეტის აღდგენა გადაწყვიტეთ-სემინარიიაში, ასობით სტუდენტის თანდასწრებით გამოაცხადეთ, რომ პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე, მისი დამსახურებების გამო, დაჯილდოებულია საქართველოს ეკლესიის უმაღლესი ჯილდოთი-წმინდა გიორგის ორდენითო. და იქვე დაამატეთ, ჯილდოს გადაცემა სვეტიცხოველში, დღესასწაულზე მოხდებაო. ჯილდოს გადაცემა არ მოხდა, რადგან, ჰოი საოცრებავ, მას ეს ჯილდო უკვე მიღებული ჰქონდა. რათქმაუნდა, თქვენ ეს ფაქტი იცოდით და მისი მეორედ დაჯილდოების დაანონსებით, სხვა სტუდენტებს გამოუცხადეთ, რომ ის ძლიერი პროტესტი, რაც რექტორის ძალადობის წინააღმდეგ იყო მიმართული, სიცრუე და ცილისწამება იყო.

სამწუხაროდ უნდა აღვნიშნო ისიც, რომ თქვენ რამდენჯერმე ჩააგდეთ მღდელმთავართა ინიციატივა, წმინდა სინოდის სხდომაზე განხილულიყო სემინარიის პრობლემები და რექტორის გადაცდომები.
კრიტიკული აზროვნებისაკენ მოგვიწოდებთ და ამავე დროს გვიშლით უსამართლობის და უსამართლო ადამიანების კრიტიკას; ქრისტესმიერი თავისუფლებისკენ მოგვიწოდებთ და მოძალადე რექტორის მონობასა და მორჩილებას გვაიძულებთ; ხშირად იმეორებთ, ეკლესია ოჯახიაო. ნამდვილად ასეა და ოჯახის თავი საქართველოს ეკლესიაში თქვენ ბრძანდებით. ოჯახის თავი კი არასოდეს მიკერძოებული არ უნდა იყოს შვილების მიმართ-უდანაშაულო დაჩაგროს და მჩაგვრელი გაამართლოს. ასევე გვმოძღვრავთ, რომ ცოდვას უნდა ვუწოდოთ ცოდვა და მადლს- მადლი.

ღიად ვაცხდებ, ის რასაც თქვენ სემინარიის საკითხთან დაკავშირებით ჩადიხართ, არის ცოდვა, და როდსაც მიტევების კვირას მრევლს შენდობას თხოვთ, მე სწორედ ამ ცოდვას შეგინდობთ.

საინტერესოა, ღირს კი პატივცემული რექტორი იმად, რომ თქვენი ავტორიტეტი და სახელი შეურაცხყონ?