„ნაციონალებს“ და „ოცნებასაც“ არჩევნებზე ხალხის არმისვლა აწყობს…

თეიმურაზ შაშიაშვილი

პარტია „თეთრების“ თავმჯდომარე

-“ისტორიის სიღრმიდან მოდის დიდი სიბრძნე, რომელიც პოლიტიკოსთა შორის ყველაზე რაციონალურად  უინსტონ ჩერჩილმა თქვა: ცუდ მთავრობებს კარგი ადამიანები ირჩევენ. ამას აკეთებენ არჩევნებზე არმისვლით.

„ეროვნული თანხმობის პარლამენტისათვის“ მეცნიერთა საინიციატივო ჯგუფის წევრები  შეშფოთებულნი არიან მოსახლეობის განწყობით  – საპარლამენტო არჩევნებზე არმისვლით გამოხატონ პროტესტი დაპირებების შეუსრულებლობისათვის.  ეს, სწორედ ეს აწყობს „ნაციონალურ მოძრაობას“ და სამწუხაროდ, „ქართულ ოცნებასაც“. მათ მომხრეებს ისედაც მიიყვანენ და მოწინააღმდეგეთა მისვლა საარჩევნო ყუთებთან მათ ნამდვილად არ აწყობთ.

ასე  ირჩევენ კარგი ადამიანები ცუდ ხელისუფლებას . არადა, რა ახლოსაა ქვეყანაში მდგომარეობის სასიკეთოდ შეცვლის დაწყება, და რა დიდ შანსს უშვებენ საქვეყნოდ მომართული ადამიანები, თავისუფალი ადამიანები –  ქვეყნისა და საკუთარი თავის გამარჯვებისათვის.

მარტივი რამის გაკეთებაა საჭირო. არჩევნებზე მისვლა და არჩევანის გაკეთება ყოველგვარი სიყვარულისა და სიძულვილის გარეშე – რაციონალურად, ანუ აირჩიო მსახური და არა უფროსი. აირჩიო პროფესიონალიზმი, გამოცდილება, წესიერება. საკუთარ თავს სცე პატივი და მხარი არ  დაუჭირო იმ პოლიტიკურ ძალას, სადაც პარტიიდან პარტიაში მომთაბარენი, ანუ მოღალატენი არიან… სადაც ბელადისადმი მორჩილებით სავსენი არიან, სადაც ფულიანები, ბიზნესმენები და პოლიტიკას მიტმასნილი არაპოლიტიკოსები არიან.

ქართველ ხალხს 8 ოქტომბერს 21 – საუკუნის პოლიტიკური დიდგორი აქვს მოსაგები. ეს მისი ღირსების საქმეა. ეს მისი პასუხისმგებლობაა როგორც ისტორიის, განსაკუთრებით ქვეყნისა და საკუთარი შვილებისმოდგმის წინაშე. ეს არის მისი პასუხისმგებლობა ერთიანი საქართველოსათვის…”

კომენტარის დატოვება