რა დაავადებაა ჰორნერის სინდრომი? სამ საათიანი კონსილიუმი დასრულდა

ვანო მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, ექიმების სამ საათიანი კონსილიუმი დასრულებულია. ადვოკატი გიორგი ჩივიაშვილის ინფორმაციით, კონსულტაციების შედეგად მედიკოსები შეთანხმდნენ, რომ საქმე აქვთ ნამდვილად ჰორნერის სინდრომთან. თუმცა რამ გამოიწვია დაავადება ამის დადგენა კვლავ ვერ ხერხდება.

რა დაავადებაა ჰორნერის სინდრომი?

საიტი „მკურნალი“ ამ დაავადების შესახებ წერს:

– ჰორნერის სინდრომი არის ნიშნების და სიმპტომების ერთობლიობა, რომელსაც იწვევს ტვინიდან სხეულის ერთ მხარეს სახემდე და თვალამდე მომავალი ნერვული გამტარობის დაზიანება.

ჩვეულებრივ, ჰორნერის სინდრომი ხასიათდება სახის დაზიანებულ მხარეს გუგის დაპატარავებით, ქუთუთოს ჩამოვარდნით და შემცირებული ოფლიანობით.

ჰორნერის სინდრომი სხვა სამედიცინო პრობლემის, მაგალითად ინსულტის, სიმსივნის ან ზურგის ტვინის ტრავმის შედეგია. ხანდახან გამომწვევი მიზეზის დადგენა ვერ ხერხდება. ჰორნერის სინდრომის სპეციფიკური მკურნალობა არ არსებობს, თუმცა გამომწვევი მიზეზის მკურნალობას შეუძლია აღადგინოს ნერვის ფუნქცია.

ჰორნერის სინდრომი აგრეთვე ცნობილია, როგორც ჰორნერ-ბერნარის სინდრომი და ოკულოსიმპათიკური დამბლა.

ჰორნიეს სინდრომი გამოწვეულია სიმპათიკურ ნერვულ სისტემაში გამტარი გზის დაზიანებით. სიმპატიკური ნერვული სისტემა არეგულირებს გულისცემას, გუგის ზომას, ოფლიანობას, წნევას და სხვა ფუნქციებს, რომლებიც გვეხმარება გარემოში ცვლილებებთან სწრაფად შეგუებაში.

ნერვული გამტარი გზა, რომელიც ზიანდება ჰორნიეს სინდრომის დროს, გაყოფილია 3 ნერვული უჯრედების (ნეირონების) ჯგუფად.

პირველი რიგის ნეირონები 

ეს გამტარი გზა იწყება ტვინის ფუძეში ჰიპოთალამუსიდან, გაივლის ტვინის ღეროს და მთავრდება ზურგის ტვინის ზედა ნაწილში. ამ რეგიონში შეიძლება შემდეგი პრობლემები განვითარდეს, რომლებიც დააზიანებენ ნერვის ფუნქციას:

• ინსულტი
• სიმსივნე
• დაავადებები, რომლებიც იწვევს ნერვის მფარავი გარსის, მიელინის გაქრობას
• კისრის ტრავმა
• კისტა ან ღრუ ხერხემალში (სირინგომიელია)

მეორე რიგის ნეირონები 

ეს გზა იწყება ზურგის ტინიდან, გაივლის გულმკერდის ზედა ნაწილში და მთავრდება კისრის გვერდითა ნაწილში. ამ რეგიონში ნერვები შეიძლება შემდეგი მიზეზებით დაზიანდეს:

• ფილტვის კიბო
• მიელინის გარსის სიმსივნე (შვანომა)
• გულის მთავარი არტერიის (აორტა) დაზიანება
• გულმკერდის ღრუში ოპერაცია
• ტრავმა

მესამე რიგის ნეირონები 

ეს ნეირონული გზა იწყება კისრის გვერდითა ნაწილის გაყოლებაზე და მთავრდება სახის კანში და ფერადი გარსის და ქუთუთოების კუნთებში. ამ რეგიონში ნერვები შეიძლება შემდეგი მიზეზით დაზიანდეს:

• კისრის გვერდითა ნაწილში საძილე არტერიის დაზიანება
• კისრის გვერდითა ნაწილში საუღლე ვენის დაზიანება
• ტვინის ფუძესთან ახლოს ინფექცია ან სიმსივნე
• შაკიკი
• კლასტერული თავის ტკივილი, რომელიც ხასიათდება მწვავე ტკივილის ციკლური ეპიზოდებით.

ხანდახან ვერ დგინდება ჰორნერის სინდრომის მიზეზი. ამას ეწოდება იდიოპათიური ჰორნერის სინდრომი.

ჩვენ კი შეგახსენებთ- ყოფილი პრემიერ -მინისტრი, მდგომარეობის უკიდურესად გართულების შემდეგ კლინიკაში გუშინ მოათავსეს. მას სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში დღეს დააბრუნებენ.