“ამომრჩევლის შეგნებულად შეცდომაში შეყვანა უზნეობასთან ერთად დანაშაულიცაა”

პრეზიდენტობის კანდიდატის, თეიმურაზ შაშიაშვილის მხარდამჭერთა საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელი, პუბლიცისტი  ზაურ ნაჭყებია საპატრიარქოს მიმართავს და დასმულ კითხვაზე საჯარო პასუხს ითხოვს:

-მინდა ოფიციალურად მივმართო საქართველოს საპატრიარქოს:

რამდენად სწორია, რომ პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი, ბატონი გიორგი ანდრიაძე თქვენი ფავორიტია კარს მომდგარ საპრეზიდენტო არჩევნებში და მის უკან საქართველოს სამღვდელოება , იგივე საქართველოს ეკლესია დგას?

თუ ასეა, მაშინ ტყუილად ვიშლით ნერვებს -„ნაციონალების“, „ევროპული საქართველოს““და „ოცნების“ მიერ მხარდაჭერილ კანდიდატებს ტყუილად ვეომებით, რადგან, თუ ბატონ ანდრიაძეს საპატრიარქო (სამღვდელოება) და მათი მრევლი უჭერს მხარს, თამამად შეგვიძლია იგი წინასწარ გამოვაცხადოთ გამარჯვებულად!!!

მე პირადად პრეტენზია არ მაქვს ბატონ გიორგი ანდრიაძესთან( ვიცნობ და პატივს ვცემ) ,ღმერთმა ხელიც მოუმართოს ყოველ კეთილ საქმეში , მაგრამ,პირდაპირ ვიტყვი, რომ, ამომრჩევლის შეგნებულად შეცდომაში შეყვანა უზნეობასთან ერთად დანაშაულიცაა.

ასე რომ, ნუ დავაბრალებთ საპატრიარქოს იმას, რაც მის კომპეტენციაში არ შედის(ისედაც დაუფარავად ებრძვიან) და ნურც საზოგადოებას შევიყვანთ შეცდომაში-მხარდაჭერა გინდ ღია იყოს, გინდ ფარული, მაინც მხარდაჭერაა და იგი ადრე თუ გვიან გაცხადდება.

რაც შეეხება საპატრიარქოს, იგი ვალდებულია გააკეთოს საჯარო განცხადება -უარყოს, ან დაადასტუროს მისი დამოკიდებულება საპრეზიდენტო არჩევნებში ბატონ გიორგი ანდრიაძის მხარდაჭერასთან დაკავშირებით..

P.S.სტატუსის გამოქვეყნებიდან რამდენიმე წუთში დამიკავშირდა ჩვენს მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატი, ბატონი თეიმურაზ შაშიაშვილი და მთხოვა აქვე გამომექვეყნებინა მისი მოსაზრება:

„გამოვრიცხავ, რომ ბატონი გიორგი ანდრიაძე (ან მისი გარემოცვა) აკეთებდეს მსგავს განცხადებას, რომ მას საქართველოს ეკლესია უჭერს მხარს, მით უფრო, როცა ის საარჩევნო პროცესში შემოვიდა, საპატრიარქომ გააკეთა განცხადება, მის პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელებასთან არანაირი კავშირი არა აქვს.მეტიც, საპატრიარქოს უნივერსიტეტმაც უარყო, რომ იგი არ არის უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, როგორც ეს თავად კანდიდატს ჰქონდა გაცხადებული.ზოგადად, ეკლესიის დაკავშირება პოლიტიკასთან, მით უფრო საპრეზიდენტო არჩევნებთან, მკრეხელობა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლაა.

ვარ ბედნიერი, რომ ახლო ურთიერთობა მაკავშირებს წმინდა სინოდთან, უშუალოდ კათოლიკოს-პატრიარქთან,თუმცა, მათ კეთილგანწყობას პოლიტიკური მიზნებისთვის არასდროს გამოვიყენებ“.