„ლუგარის ლაბორატორია, რუსეთის მიზნები, წინმსწრები პროცესები და დიდი ფული საინფორმაციო ომში…“

ბლოგი

ამირან სალუქვაძე

გენერალი,  ანალიტიკოსი

რუსეთის მხრიდან ლუგარის ლაბორატორიის ირგვლივ ატეხილი საინფორმაციო ხმაური თითიდან გამოწოვილია, თუმცა კონკრეტული მიზნები აქვთ, რაზეც საკმაოდ დიდ საინფორმაციო რესურსს ხარჯავენ.

სანამ რუსეთის მიზნებზე გადავიდოდეთ, განვიხილოთ თუ რა პროცესები უძღოდა წინ შოიგუს უწყების ბრალდებებსა და რუსული თოქ-შოუების აჟიოტაჟს.

როგორც თვალს ვადევნებთ, რუსეთ-ამერიკის ურთიერთობები სულ უფრო იძაბება და განტვირთვის მოლოდინი ახლო პერსპექტივაში არ არსებობს. სანქციური ომის გარდა, დაძაბულობაა ყველა სფეროში, ყველა სივრცეში.

მხოლოდ ბოლო კვირის განმავლობაში იყო რამდენიმე სკანდალი, მ.შ. რუსეთის მხრიდან კიბერ შეტევებთან დაკავშირებით, რასაც კრემლი, რა თქმა უნდა, უარყოფს. სულ ახლახანს ამერიკამ ბრალი დასდო რუსეთს უკრაინაში ე.წ. გოლოდომორის მოწყობასა და უკრაინელების გენოციდში, რაც რუსეთის მხრიდან მწვავედ აღიქმება.

არ ცხრება ე.წ. სკრიპალების საქმეც და ამ საკითხშიც ვითარების განმუხტვას ახლო მომავალში არ უნდა ველოდოთ.

ლუგარის ლაბორატორიის საკითხს რუსული მედია პერიოდულად აშუქებდა ხოლმე, თუმცა, ამჟამად, ეს ყველაფერი, წინასწარ დაწერილი დიდი სცენარის შემაშგენელ ნაწილს ჰგავს.

ამა წლის 11 სექტემბერს, საქართველოს უშიშროების ექსმინისტრი, იგორ გიორგაძე, მოსკოვში, სააგენტო „რია ნოვოსტის“ პრესკლუბში, ატარებს პრესკონფერენციას და აცნობს მსოფლიოს, მის ხელთ არსებული მონაცემებით, რამდენად საფრთხის შემცველია თბილისში განლაგებული ლუგარის ლაბორატორია და ეყრდნობა, თითქოსდა, საქართველოდან მისი მეგობრების მიერ გადმოცემულ მასალებს, რომლებიც მრავალი ათასი ფურცლისგან შედგება და მოითხოვს შესწავლას, მ.შ. სპეციალისტების მხრიდან.

აბრაკადაბრა დავწერე, ხომ? აბრაკადაბრაა მთელი აჟიოტაჟი და მათი მონათხრობი, თუ მოუსმენთ. მათი ნაამბობი გაცილებით რთული მოსასმენია, ვიდრე ჩემს მიერ შედგენილი რთული წინადადება. დავუბრუნდეთ ქრონოლოგიას.

უკვე 12 სექტემბერს იგორ გიორგაძე მონაწილეობას იღებს რუსეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთ-ერთ მთავარ ტოკ-შოუში „დრო გვიჩვენებს“ («Время покажет»). მეტიც, გადაცემა მთლიანად ეძღვნება ბატონი გიორგაძის მიერ წამოწეულ თემას, – თბილისის ლუგარის ლაბორატორიას. გადაცემა მთლიანად აწყობილია იგორ გიორგაძეზე და მის მიერ წარმოდგენილ მასალებზე. ამ გადაცემაშიც მუდმივად ხდება გამეორება, რომ მასალები თბილისიდან მეგობრებმა მიაწოდეს.

იმავე დღეს გიორგაძე „რტრ პლანეტას“ ტოკ-შოუ „60 წუთში“ მონაწილეობს.

15 სექტემბერს ბატონი გიორგაძე ატარებს პრესკონფერენციას და მსოფლიოს კიდევ ერთხელ ამცნობს, თუ როგორ მოიპოვა ზემოთ აღნიშნული მასალები.

17 სექტემბერს იგორ გიორგაძე პრესკონფერენციებზე წარმოდგენილ მასალებს ინტერნეტში აქვეყნებს.

21 სექტემბერს იგორ გიორგაძემ ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირებით ახალი „მტკიცებულებები“ წარმოადგინა.

3 ოქტომბერს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი, საკმაოდ აგრესიულ ტონალობაში საუბრობს ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირებით და საფრთხეებზე აკეთებს აქცენტს.

4 ოქტომბერს იგორ გიორგაძე ისევ მონაწილეობს რუსეთის პირველი არხის ახალ პროექტში „დიდი თამაში“ და ლუგარის ლაბორატორია ისევ მთავარი თემაა.

როგორც მანამდე ყველა გადაცემასა და პრესკონფერენციაში, საკმაოდ ნელა, დაღეჭილად, მიზანმიმართულად გვიყვება, თითქოს თავზე გვახვევს ამ ვერსიას, რომ მასალები მას თბილისიდან, მეგობრებმა მიაწოდეს.

ისევე, როგორც მანამდე, ყვება და ავრცელებს ცრუ ინფორმაციებს, რომ ლაბორატორიაში იღუპება ხალხი, ლაბორატორია ორმაგი, ანუ სამოქალაქო და სამხედრო დანიშნულებისაა, თითქოს მუშაობენ უპილოტო საფრენი აპარატების ტექნოლოგიებზე მომწამვლელი ნივთიერებების გასაფრცელებლად და სხვა.

5 ოქტომბერს ბატონი გიორგაძე აქვეყნებს ვიდეო ბლოგს: „როგორ მოახდინეს სამშობლოს დემონტაჟი“. სამშობლოში გიორგაძე სსრკ-ს მოიაზრებს და სსრკ-ს დაშლაზე საუბრობს. ყვება როგორ დაიწყო ომი ცხინვალში, აფხაზეთში 90-იანების დასაწყისში და საქართველოს ხელისუფლებას ადანაშაულებს. იგივენაირად საუბრობს აგვისტოს ომთან დაკავშირებით. ბოლო ომში იშველიებს ქალბატონ ბურჯანაძეს. აკრიტიკებს ასევე საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას.

აი ასეთია ბატონი გიორგაძის და რუსულუ მედიის ბოლო ერთი თვის აქტივობების მოკლე მიმოხილვა. არის თუბარა ეს საინფორმაციო შტურმი? დასკვნები მკითხველმა გააკეთოს.

რაც შეეხება რუსეთის სავარაუდო მიზნებს. შეგვიძლია ამ მიზნების შესახებ ვარაუდების გარეშეც, მტკიცებით ფორმაში ვისაუბროთ.

რუსეთი რამდენიმე მიზნის მიღწევას ცდილობს.

პირველი მიზანია, ამერიკის და ევროპის, განსაკუთრებით დიდი ბრიტანეთის მისამართით, ზემოთ აღწერილი სკანდალების და დაპირისპირებების საპასუხო ბრალდებების წაყენება, სკრიპალების საქმის გადაფარვა და სხვა.

მეორე და რუსეთისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანი მიზანია საქართველოში, ასევე რუსულენოვან სივრცეში, რომლებსაც ეს არხები მოიცავენ, ანტიამერიკული, ანტიდასავლური განწყობების გაძლიერება. ზემოთ ნახსენები ტოკ-შოუების შინაარსის ანალიზი ამ მიზანზე აშკარად მეტყველებს.

მესამე და ყველაზე საყურადღებო მიზანია, საქართველოსთან ვითარების გასამწვავებლად რუსეთის მოსაზრებით არგუმენტირებული საფუძვლის მომზადება.

მერწმუნეთ, თუ ვითარების გამწვავებას გადაწყვეტენ, ქიმიური ლაბორატორია საკმარისზე მეტი მიზეზია.

რატომღაც ანალოგიურად არ ხმაურობენ სხვა ლაბორატორიებთან მიმართებაში. მსგავსი ლაბორატორიები აშენდა სომხეთში, აზერბაიჯანში, უკრაინაში და შუაზიის რამდენიმე ქვეყანაში.

რეკომენდაციები ხელისუფლებას.

მაქსიმალური აქტივობაა საჭირო ყველა ტრიბუნიდან აღნიშნული თემის გაჟღერება და მოწოდება, რომ ვიწვევთ საქართველოში როგორც რუსეთის, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების და დაინტერესებული ქვეყნების, განსაკუთრებით ჩვენი მეზობლების წარმომადგენლებს. ასევე მნიშვნელოვანია ვთხოვოთ ჩვენს პარტნიორებს მათი დახმარებით მოხდეს საერთაშორისო დამკვირვებლების, მ.შ. რუსეთის წარმომადგენლების მოწვევა.

რუსეთს ჩვენ საინფორმაციო ომს მის ტერიტორიაზე, მის სივრცეში, ვერ მოვუგებთ. ამიტომ საჭირო და სრულყოფიული ინფორმაცია უნდა მივაწოდოთ ჩვენს მოსახლეობას, მოვაწყოთ ღია კარის დღე და მოვიწვიოთ საზოგადოების, განსაკუთრებით, საექსპერტო საზოგადოების, საელჩოების წარმომადგენლები და აქტიურად გავაშუქოთ ინფორმაციები. უნდა მოვახერხოთ სი-ენ-ენის, ბი-ბი-სის და სხვა ცნობილი სააგენტოების მოწვევა და ლაბორატორიის შესახებ სწორი ინფორმაციების გავრცელება.

ასეთი აქტიური ღონისძიებებით უნდა მოხერხდეს ბრალდებების გაბათილება.