სახალხო დამცველის აპარატი მირზა სუბელიანთან დაკავშირებით დოკუმენტების გამოთხოვას და საქმის შესწავლას გეგმავს

სახალხო დამცველის აპარატი მირზა სუბელიანის სკანდალურ აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით დოკუმენტების გამოთხოვას და საქმის შესწავლას გეგმავს.

ნინო ლომჯარიას მოადგილე, გიორგი ბურჯანაძე ამბობს, რომ პროკურატურის ყოფილმა მაღალჩინოსანმა გუშინ ომბუდსმენის აპარატის წარმომადგენლებს არანაირი ინფორმაცია არ მიაწოდა, გარდა მისი შვილის უფლებების დაცვისა.

ბურჯანაძე ამბობს, რომ ამ ეტაპზე გამოითხოვენ მასალებს და გამოიკვლევენ, რამდენად კანონიერად მოხდა სუბელიანის საუბრის ჩაწერა და შემდეგ მისი გავრცელება.

„ჩვენც ამ შემთხვევაში იმ საკითხების შესწავლა გვინდა ამ სფეროს გარშემო, რომელიც ადამიანის უფლებებს ეხება. პირველ რიგში, მირზა სუბელიანის უფლებების დარღვევის კუთხით, ჩვენ შეხვედრა სწორედ იმიტომ განვახორციელეთ, პირველ რიგში, ის ხომ არ ხედავდა რაიმე უსაფრთხოების პრობლემებს მასთან დაკავშირებით. ასევე, პირად ცხოვრებასთან დაკავშირებული საკითხების გარშემო. მან, როგორც გუშინ განგვიცხადა, მას არ სურს ამ ეტაპისთვის სახალხო დამცველის რაიმე კუთხით მხარდაჭერა. მან არ მოგვაწოდა შესაბამისი ინფორმაცია, ჩვენ ამ შემთხვევაში შევისწავლით გარკვეულ დოკუმენტებს, გამოვითხოვთ მასალებს და ვნახავთ, რამდენად კანონიერად ხდებოდა ჩაწერა, თუ ეს სახელმწიფოს მიერ განხორციელდა, შემდგომ რამდენად კანონიერად მოხდა მისი გავრცელება და ამ კუთხით მოვახდენთ შესაბამის შეფასებას,“ – განაცხადა გიორგი ბურჯანაძემ.

ფარული აუდიოჩანაწერიდან, რომელიც P.S.-ში გავიდა, ირკვევა, რომ მირზა სუბელიანი ციხეში საკუთარი ნებით ჩაჯდა, თუმცა, ახლა უკმაყოფილოა ხელისუფლების უყურადღებობის გამო.