26 ოქტომბერს, ივანიშვილი იწვევს საქართველოში მოქმედი საერთო ეროვნული მაუწყებლების წარმომადგენლებს

მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი განაგრძობს მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრებს, რომლის ფარგლებშიც 26 ოქტომბერს, 11:00 სთ-ზე, იწვევს საქართველოში მოქმედი საერთო ეროვნული მაუწყებლების წარმომადგენლებს:

“მაესტრო”, “ობიექტივი”, “პალიტრა NEWS”, “კავკასია”, “იბერია TV”.

ამასთან, საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილის მოწოდება მინიმალური მედია სტანდარტის დაცვისა და განსხვავებული აზრის პატივისცემისკენ, ტელეკომპანია რუსთავი2-ის მიერ შეფასებული იქნა როგორც მუქარა და სარედაქციო პოლიტიკაში უხეში ჩარევის მცდელობა.

სწორედ ამიტომ, პარტიის თავმჯდომარე რუსთავი2-ს 26 ოქტომბერს დაგეგმილ შეხვედრაზეც იწვევს, რათა ამ ტელევიზიას მიეცეს საშუალება, ნებისიერ თემაზე დასვას კითხვები და შეასრულოს განსხვავებული აზრის საკუთარ მაყურებლამდე მიტანის ვალდებულება.

ინტერვიუს საერთო სიგნალს პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ უზრუნველყოფს და პირდაპირ რეჟიმში ყველა დაინტერსებულ მედიასაშუალებას მიაწვდის.

შეხვედრა გაიმართება ტექნო პარკში.

ბიძინა ივანიშვილი მედიასთან შეხვედრებს სხვადასხვა ფორმატში მომავალშიც განაგრძობს.