ჩვენი სტუმარია შვედეთის სამეფოს სტოკჰოლმის № 50 საარჩევნო უბნის თავმჯდომარე-შედეგები ცნობილია

შვედეთის სამეფოს სტოკჰოლმის № 50 საარჩევნო უბნის შედეგები ცნობილია. როგორც კომისიის თავმჯდომარე თემურ პოტასკაევი ამბობს, სიაში რეგისტრირებული 281 მოქალაქედან არჩევნებზე 56 მოქალაქე გამოცხადდა.

ხმები კი ასე გადანაწილდა:

  1. ვაშაძე – 30 ხმა;
    2. ზურაბიშვილი – 9ხმა;
    3. ბაქრაძე – 6ხმა;
    4. ჯაფარიძე – 4ხმა;
    5. უსუფაშვილი – 3ხმა;
    6. ნათელაშვილი – 2ხმა;
    7. ანდრიაძე – 1ხმა

1 ბათილი ხმა

ჩვენკომისიის თავმჯდომარეს, თემო პოტასკაევს გავესაუბრეთ.

-როგორ ფიქრობთ, რატომ იყო ასეთი დაბალი აქტივობა? 281 მოქალაქედან 56 მგონი ძალიან ცოტაა.

-ცესკოს მიერ გადმოგზავნილი სპეციალური სიის მიხედვით 281 მოქალაქეს შეეძლო ჩვენს უბაზე ხმის მიცემა. 56 ხმას აქვს რამდენიმე წინაპირობა:

  1. უამრავი ქართველი სიაში არ იყო იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ დროულად არ გადაამოწმეს საკუთარი თავი სიებში. თადარიგის დაჭერის შემთხვევაში ცხადია უფრო მეტი ადამიანი იქნებოდა. შვედეთის მასშტაბით საქართველოს მინიმუმ 2000 მოქალაქე მაინც ცხოვრობს.

2.ზოგი ამომრჩეველი გამოცხადდა შვედური პირადობით, ზოგი ქართული პასპორტის ასლით, რაც უარის თქმის საფუძველი აღმოჩნდა. თუმცა ასეთი ადამიანები თითზე ჩამოსათველად იყო. დანარჩენების გამოუცხადებლობაზე ვერ ვიმსჯელებ, ალბათ სურვილი ან დრო არ ჰქონიათ მოსვლის.

-ე.ი. ამომრჩეველი კი მოვიდა, მაგრამ რიგი მიზეზების გამო ვერ მისცა ხმა.

-კი, ამომრჩეველს უარი ეთქვა ხმის მიცემაზე მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძვლით, რადგან მათ ვერ წარმოადგინეს ან პირადობა ან პასპორტი

უბანს ესტუმრნენ სიაში არ მყოფი მოქალაქეებიც და მათაც ვერ მისცეს ხმა სიაში არ ყოფნის გამო

-მეორე ტური დაინიშნა, როგორი იქნება განწყობა? მივა ხალხი განმეორებით არჩევნებზე?

-მე გუშინაც საჯაროდ ჩემს ფბ გვერდზე ყველას მოვუწოდე მოსულიყვნენ ხმის მისაცემად. იმედი მაქვს, რომ მეორე ტურზე უფრო მეტ ადამიანს ექნება შესაძლებლობა და სურვილი, მოვიდეს და საკუთარი აქტიური ხმის უფლება გამოიყენოს

შესაძლებლობაში ვგულისხმობ სამსახურის გრაფიკს.

-და ბოლოს-როგორც კომისიის თავმჯდომარე, როგორ შეაფასებ 28 ოქტომბრის არჩევნებს და რა რეკომენდაციას მისცემ მაქაურ ამომრჩეველს რომ ამჯერად მაინც შეძლონ ხმის მიცემა.

-ჩვენს უბანზე კომისიის 8 წევრი და 5 დამკვირვებელი ვიყავით. დილის 8 საათიდანვე იყო ხალხის ნაკადი (მერე დაიკლო), ამიტომ არჩევნების შეფასება შემიძლია ჩვენი უბნის გამოცდილებიდან გამომდინარე. ყველაფერი ჩატარდა პროცედურების დაცვით, მაგრამ ადგილი ჰქონდა პოტენციური ამომრჩევლების მხრიდან პრეტენზიებს სიასთან დაკავშირებით, რაც ზოგჯერ კომისიის საქმიანობისთვის სტრესულ ფონს ქმნიდა. დღის განმავლობაში ყველა დაძაბული, მაგრამ იმედით ელოდებოდა დღის მშვიდობიანად დასრულებას. ასეც მოხდა.

რჩევები:

1. მოქალაქეებმა გადაამოწმონ თავი სიაში და დარწმუნდნენ, რომ ეს არ იქნება ხმის მიცემაზე უარის თქმისბსაფუძველი;

2. თან იქონიონ ძალაში მქონე საქართველოს გაცემული პირადობის მოწმობა ან პასპორტი;

3. მშვიდობიანად და ღირსეულად მოეკიდონ საარჩევნო პროცესს და თავი შეიკავონ პროვოკაციებისგან, რადგან კომისიას არანაირი სურვილი და განზრახვა არ აქვს, რომ რაიმე დარღვევით ჩატარდეს, პირიქით, ყველა მონდომებულია და თან გვყავს ძალიან კარგი, გამოცდილი და პროფესიონალი დამკვირვებლები სხვადასხვა ორგანიზაციებიდან, რომლებიც ყველაფერს აკვირდებიან და ამით უზრუნველყოფილია კანონის შესაბამისად პროცესის ჩატარება.