“ჩვენი კარი ღიაა ყველასთვის, ვისაც გაძლიერებული და გაერთიანებული საქართველოს ხილვა სურს!”

გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“ დუშეთის, თიანეთის და ყაზბეგის შტაბის ხელმძღვანელი ზურაბ ოტიაშვილი მადლობას უხდის მხარდამჭერებს და მეორე ტურში საბოლოო გამარჯვებისკენ მოუწოდებს იმათაც, ვინ 28 ოქტომბერს საკუთარი არჩევანი არ დააფიქსირა. 

ზურაბ ოტიაშვილი საჯარო მიმართვას ავრცელებს:

-“მეგობრებო!

არჩევნების შედეგებმა დაგვარწმუნა,რომ მთელი ოპოზიციური სპექტრის გაერთიანებაა საჭირო ადმინისტრაციული და ფინანსური რესურსით აღჭურვილი,გაამაყებული და რეალობას მოწყვეტილი არაადეკვატური ხელისუფლების დასამარცხებლად.

ჩვენი გაერთიანება მით უფრო საჭიროა იმიტომ, რომ არჩევნებმა დაგვანახა „ქართული ოცნების“ცინიკური, ყალბი, ქედმაღალი მორალური სახე და ისიც, რომ ვეღარც მტრის ხატითა  და სისხლიანი 9 წლის მანიპულირებით მოიზიდა ამომრჩეველი.

ასე რომ, პროგრამა მინიმუმი შესრულებულია, გადავდივართ პროგრამა მაქსიმუმზე!

ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს აქვს მცირე უპირატესობა, მაგრამ არაგადამწყვეტი!

გადამწყვეტ უპირატესობას მოვიპოვებთ თქვენთან ერთად და იმ ამომრჩევლებთან ერთად,ვინც პირველ ტურში ჩვენ გვერდით არ იყო  ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზების გამო.

მინდა მივმართო მათ და მოვუწოდო, რომ გადადონ გვერძე პირადი წყენა თუ მიზეზი და თამამად  შემოგვიერთდნენ ქვეყნის გადასარჩენად თავგანწირულ ბრძოლაში.

ჩვენი კარი ღიაა ყველა მსურველისთვის, ვისაც გაერთიანებული, გამთლიანებული, გაძლიერებული და გაბრწყინებული საქართველოს ხილვა სურს!