ზუგდიდის ყოფილი მერი და ვიცე-მერი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს

ზუგდიდის ყოფილი მერი და ვიცე-მერი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს. ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამართულ ბრიფინზე გახდა ცნობილი.

როგორც გამოძიებამ დაადგინა, 2018 წლის პირველ ნახევარში, ლაშა გოგიამ და გია გულორდავამ, რომლებიც იმ პერიოდში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის და ვიცე-მერის თანამდებობებს იკავებდნენ, ქალაქ ზუგდიდში მდებარე გულუას ბაღის და რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიების იჯარით გასაცემ აუქციონზე გატანის სანაცვლოდ მოქალაქეს ქრთამის სახით მოსთხოვეს და გამოართვეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხა – 21 500 აშშ დოლარი.

„შეთანხმების მიხედვით, 11 500 აშშ დოლარი განკუთვნილი იყო გულუას ბაღის იჯარით გადაცემისთვის, ხოლო 10 000 აშშ დოლარი – რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიის იჯარით გადაცემისთვის. 2018 წლის მაისში იმავე მოქალაქემ 10 000 აშშ დოლარი პირადად გადასცა გია გულორდავას, ხოლო 11 500 აშშ დოლარი მათთვის გადასაცემად 2018 წლის 7 ივნისს ჩარიცხა გია გულორდავას მიერ მითითებული პიროვნების ხ.ბ-ს სახელზე, საბანკო გზავნილის სახით, რასაც საბოლოოდ დაეუფლნენ გია გულორდავა და ლაშა გოგია”-აცხადებენ უწყებაში.

დანაშაული 11-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.