ხალხის მოთხოვნის გათვალისწინება თუ გულის მოგება არჩევნების წინ – პროექტი გაწვეული იქნება

საპატრიარქოში გამართული შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ პარლამენტიდან კანაფის კულტივაცია/ექსპორტის შესახებ კანონპროექტს გაიწვევენ.

ირაკლი კობახიძემ და გიორგი გახარიამ საპატრიარქოში პატრიარქი მოინახულეს და კანონპროექტის შესახებ იმსჯელეს.

შს მინისტრი გიორგი გახარია აცხადებს,რომ  იმის მიუხედავად, იურიდიულად კანონპროექტი სრულად იყო გამართული, მთავრობა სრულად ითვალისწინებს ეკლესიისა და საზოგადოების აზრს, რის გამოც კანონპროექტს პარლამენტიდან გაიწვევენ.

გიორგი გახარია და პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ადასტურებენ, რომ მარიხუანას კულტივაცია/ექსპორტის შესახებ კანონპროექტზე მსჯელობა გუშინ პარტიის ოფისში გამართულ შეხვედრაზეც შედგა და კანონპროექტის უკან გაწვევა გარკვეულწილად საპრეზიდენტო არჩევნებთანაც არის კავშირში.

შეგახსენებთ, რომ მთავრობის მიერ მომზადებულ კანონპროექტს, რომელიც კანაფის კულტივაცია/ექსპორტს ეხება, სასულიერო პირები აპროტესტებდნენ. კანონპროექტის განხილვა საკანონმდებლო ორგანოში დროებით შეჩერებულია, თუმცა მთავრობა ამ დრომდე მის გაწვევას არ გეგმავდა და კონსულტაციების გამართვას აანონსებდა.

საკითხმა უკვე გამოიწვია აზრთა სხვადასხვაობა. საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს გადაწყვეტილება მხოლოდ არჩევნების მეორე ტურის მოგებისთვისაა და კანონპროექტის პარლამენტში დაბრუნება რთული და შეუძლებელი სულაც არ არის.

-ხალხის მოთხოვნის გათვალისწინება თუ გულის მოგება არჩევნების წინ”-ასე აფასებენ დღეს მიღებულ გადაწყვეტილებას ოპოზიციის ნაწილი და საზოგადოების ერთი ჯგუფი.