პარლამენტი მოქალაქეთა ჩართულობის ცენტრის შექმნაზე მუშაობს

პარლამენტი მოქალაქეთა ჩართულობის ცენტრის შექმნაზე მუშაობს, რომელიც სრულიად ახლებურ სერვისს შესთავაზებს მოქალაქეებს

პარლამენტის ღია მმართველობის (OGP) სამუშაო ჯგუფმა, რომელიც მოქალაქეთა ჩართულობის ცენტრის შექმნასთან დაკავშირებით ჩამოყალიბდა, პირველი სამუშაო შეხვედრა გამართა.

აღნიშნული ცენტრის შექმნა პარლამენტის ღია მმართველობის 2018-2019 წლების სამოქმედო გეგმის მეოთხე ვალდებულებაა. შეხვედრის ინიციატორი GIZ-ის აღმოსავლეთ პარტნიორობაა. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე და სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი ეკა ბესელია, საქართველოს პარლამენტის ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარე ირინე ფრუიძე, პარლამენტის აპარატის უფროსი გივი მიქანაძე, საქმისწარმოების დეპარტამენტის თანამშრომლები, NDI-ისა და GIZ-ის წარმომადგენლები.

შეხვედრაზე სამუშაო ჯგუფის მთავარი მიზნის შესახებ იმსჯელეს, არსებული მდგომარეობა და პრობლემები აღწერეს, პირველი ნაბიჯი განსაზღვრეს და ჯგუფის სამუშაო გრაფიკი შეიმუშავეს.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, 2018 წლის ნოემბერში ძალაში შედის საკონსტიტუციო ცვლილებები, ასევე, პარლამენტში მომზადებულია ახალი რეგლამენტი, რომლის თანახმად, იზრდება პარლამენტის საზედამხედველო ფუნქცია. აღნიშნული წარმოადგენს იმ გამოწვევას, რომელსაც პარლამენტის აპარატმა ახლებური მიდგომების დანერგვით უნდა უპასუხოს.

ეკა ბესელიას განცხადებით, სამუშაო ჯგუფი მოქალაქეთა ჩართულობის ცენტრის ახალი კონცეფციის შექმნაზე მუშაობს, რომელიც სრულიად ახლებურ სერვისს შესთავაზებს მოქალაქეებს როგორც უშუალოდ საპარლამენტო ცხოვრებაში მონაწილეობის უზრუნველყოფის, ასევე პარლამენტის საქმიანობისა და მიმდინარე სიახლეების გაცნობის თვალსაზრისით.

ძალიან მნიშვნელოვან რეფორმაზე ვმუშაობთ. ეს არის მოქალაქეთა ჩართულობის ცენტრის შექმნა. ეს არის პირველი სტრუქტურა, რომლითაც მოქალაქე ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს ეხება, მასზე პირველად შთაბეჭდილებას იქმნის და პირველად მომსახურებას იღებს. ამიტომ პარლამენტის მისაღებს, რომელიც ძალიან დიდ სამუშაოს ასრულებს და უამრავ მოქალაქეს ხვდება, მივეხმაროთ და გავაძლიეროთ უაღერსად შრომატევადი პროცესის წარმატებით წარმართვაში. რეფორმა გულისხმობს როგორც მათი შესაძლებლობების გაძლიერებას, ასევე ახალი შესაძლებლობებით აღჭურვას და დაგროვებული გამოცდილების საფუძველზე საუკეთესო პრაქტიკის დანერგვას, – განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ.