“თუ კანონპროექტი პარლამენტში მიბრუნდება, საზოგადოების პასუხი იქნება ძალიან მწვავე!”

პარლამენტიდან კანაფის კულტივაციის შესახებ კანონპროექტის გაწვევას „მემარცხენე ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერი კახა ძაგანია გამოეხმაურა და ჩვენთან საუბარში განაცხადა:

-ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. საზოგადოების პროტესტმა და მოთხოვნამ შედეგი გამოიღო-კანონპროექტი გაწვეულია.

-თქვენი აზრით, ხომ არ არის ეს წინასაარჩევნო ხრიკი და ხალხის გულის მოგება?

-თუ ხელისუფლება და მმართველი პარტია ხალხის გულის მოგებას ცდილობს, ეს კარგია, ხელისუფლება სწორედ ხალხის აზრს უნდ ითვალისწინებდეს და არა ცალკეული ჯგუფების და კონკრეტული პიროვნებების, ეს დაუშვებელია და კონსტიტუციაში არ ჯდება. ისე კი, ხელისუფლება ყოველთვის უნდა ცდილობდეს თავისი ხალხის გულის მოგებას.

-და თუ არჩევნების შემდეგ ისევ დაბრუნდება კანონპროექტი პარლამენტში?

-თუ კანაფის კულტივაციის შესახებ კანონპროექტის პარლამენტში მიბრუნება და განხილვა მოხდა, საზოგადოების პასუხი იქნება ძალიან მწვავე! სააკაშვილის დრო დასრულდა, ის დრო, როცა საზოგადოებას თავში ურტყამდნენ და განსხვავებული აზრისთვის სჯიდნენ. ახლა ხალხმა დაინახა ძალა და არ გაჩერდება, ვერც ღალატს აიტანს და არც ტყუილს მოითმენს.