კანონპროექტის მიხედვით, იცვლება ბინადრობის ნებართვის სახეები

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა მხარი დაუჭირა 30000 ამომრჩევლის საკანონმდებლო ინიციატივით წარმოდგენილი კანონპროექტის განხილვის დაწყების საკითხს

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე არანაკლებ 30000 ამომრჩევლის ინიციატივით „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის მიზნით შექმნილი მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარმოდგენილი ხელმოწერების გადამოწმების შედეგების შესახებ იმსჯელა.

კომიტეტის აპარატის მიერ წარმოდგენილი ხელმოწერების ნამდვილობა ორი კვირის განმავლობაში მოწმდებოდა, რის შედეგადაც 35 000 ხელმოწერიდან 30 130 ხელმოწერის ნამდვილობა დადასტურდა.

შესაბამისად, კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება, საკანონმდებლო ინიციატივას მიეცეს პარლამენტის რეგლამენტით განსაზღვრული პროცედურებით გათვალისწინებული მსვლელობა.

წარმოდგენილი საკანონმდებლო ინიციატივა მიზნად ისახავს უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის ბინადრობის უფლების მინიჭების გამკაცრებას.

კანონპროექტის მიხედვით, იცვლება ბინადრობის ნებართვის სახეები კერძოდ,

  • უქმდება 35 000 დოლარის სანაცვლოდ ნებართვის გაცემა.
  • ინვესტიციის მოცულობა იზრდება 300 000 ლარიდან 500 000 დოლარის ექვივალენტამდე ლარში.

კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს აღნიშნულ საკითხს.