“უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილების მოწმე გავხდით, ენმ ამ დადებით მოვლენას, ვერ გააბათილებს”

 ნუკრი ქანთარია

დეპუტატი

-” უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილების მოწმე გავხდით. ხელისუფლებამ ჭარბვალიანობის მოგვარების გზაზე ვალების ჩამოწერის გადაწყვეტილება მიიღო. მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა იმ ადამიანების მიმართ, ვინც ე.წ.“შავ სიაში“ იყვნენ მოყოლილი და ეკონომიკურ აქტივობას ვერ ახორციელებდნენ, რადგან მათ ბანკები სესხს აღარ აძლევდნენ, როგორც გადამხდელუუნაროებს. თანხები ჩამოეწერებათ მათ, ვისი დავალიანების ძირი თანხა 2000 ლარს შეადგენს.

არაერთხელ გაჟღერებულა ჩვენი მხრიდან, რომ ამ თემაზე მუშაობა მიმდინარეობდა და რომ გარკვეული ნაბიჯებიც გადაიდგა, მაგალითად, ბანკებთან გაეწიათ შუამდგომლობა ადამიანებს, რომლებიც ბინიდან გამოსახლების საშიშროების წინაშე იდგნენ.

მიუხედევად იმ უმადურობისა, რაც ფონდი „ქართუს“ მიმართ არაერთხელ გამოითქვა, ფონდმა მაინც მიიღო ესოდენ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება და ე.წ. „შავ სიაში“ მყოფთა ვალებს გამოისყიდის. ყველამ ვიცით, რა გამოუვალ მდგომარეობაში იყვნენ ადამიანები, ვეღარ სარგებლობდნენ საბანკო პროდუქტებით. ამ ფონზე დღეს ბიძინა ივანიშვილმა და „ქართუ ფონდმა“ მართლაც რომ დიდი სიკეთე გააკეთა და მის მიერ განხორციელებული სიკეთეების გრძელ სიას, კიდევ ერთი შემატა. აქ უმთავრესია – ამ გადაწყვეტილების სწორად აღქმა, რათა არ მოხდეს მოქალაქეების მხრიდან პასუხისმგებლობის შესუსტება.

ნაციონალური მოძრაობის მხრიდან ამ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას კუდები და ათასგვარი ვერსიები უკვე მოყვა. თუმცა, ფაქტი ფაქტად რჩება და რეალობა ასეთია – ადამიანებს უმსუბუქდებათ მდგომარეობა და სასოწარკვეთიოდან გამოსვლის რეალური შანსი ეძლევათ.

რაც არ უნდა ეცადოს ნაციონალური მოძრაობა ამ დადებით მოვლენას, ვერ გააბათილებს.