სომხური მხარე არ ადასტურებს აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებთან შეხვედრას

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე კან ტანია ფეისბუკის საკუთარ გვერდზე სტეპანაკერტიდან ავრცელებს ფოტომასალას, სადაც ჩანს, რომ სომხეთის პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი, მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებული რესპუბლიკის პრეზიდენტი ბაკო სააკიანი და აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის დელეგაცია საზეიმო ღონისძიებას ესწრებიან.

“რესპუბლიკის არსებობის 25 წლისთავთან დაკავშირებით მონაწილეობა მივიღეთ მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ბაკო სააკიანის საზეიმო მიღებაზე”, – წერს კან ტანია.

Снимок

ამ ინფორმაციას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილ გიგი გიგიაძე ეხმიანება და ამბობს, რომ  სომხური მხარის განმარტებით ადგილი აქვს მორიგი პროვოკაციის მცდელობას. მისივე თქმით, სომხური მხარე არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას:

„დღეს დილით გავრცელდა ინფორმაცია სავარაუდო შეხვედრის შესახებ აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებსა და სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს შორის. ამასთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაუყოვნებლივ მოახდინა რეაგირება, ჩვენ დავინტერესდით ამ საკითხით. ჩვენი ელჩი ესაუბრა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს. ასევე გაიმართა ჩემი პირადი საუბარი საქართველოში სომხეთის ელჩთან.

სომხური მხარის განმარტებით არანაირ შეხვედრას საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებთან ადგილი არ ჰქონია, ეს არის მორიგი პოლიტიკური სპეკულაცია, რომელსაც საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები ხშირად მიმართავენ ხოლმე. სომხეთი არის საქართველოს მეგობარი ქვეყანა, ის ცალსახად აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ჩვენ განვაგრძობთ მჭიდრო თანამშრომლობას“, – განაცხადა გიგი გიგიაძემ.

 

კომენტარის დატოვება