შსს ქობულეთში მომხდარი მკვლელობის შესახებ

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მიმდინარე წლის 28 ნოემბერს ქობულეთის რაიონის სოფელ ჩაისუბანში მომხდარ, 1973 წელს დაბადებული მ.ც.-ს მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყეს.
გამოძიების პირველადი ინფორმაციით დადგინდა, რომ 1981 წელს დაბადებულმა ჯ.ა.-მ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა მ.ც.-ს, რის შედეგადაც იგი ადგილზე გარდაიცვალა.
ჯ.ა. შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მისი დაკავების მიზნით მიმდინარეობს აქტიური სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები.
ამ ეტაპზე, ასევე, დადგენილია, რომ მკვლელობის ფაქტი მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან კავშირში არ არის და მკვლელობა წლების წინ არსებულ პირად კონფლიქტს უკავშირდება.
გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით მიმდინარეობს.