“რესპუბლიკური პარტია” – შანტაჟის სისტემა კიდევ უფრო მძალავრად იკიდებს ფეხს!..

   დემურ სტურუას საქმესთან დაკავშირებით, “რესპუბლიკური პარტია”  შს მინისტრს, სამტრედიის პოლიციაში არსებული ვითარების შესასწავლად ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებენ და სპეციალურ განცხადებას ავრცელებს:

“ჩვენ, რესპუბლიკელები, ღრმა შეშფოთებას გამოვხატავთ დემურ სტურუას თვითმკვლელობის საქმესთან დაკავშირებით განვითარებული მოვლენების გამო. დღეს მედია საშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად სრულიად ნათელი ხდება, რომ ქვეყანაში არსებული შანტაჟის სისტემა კიდევ უფრო მძალავრად იკიდებს ფეხს და საზოგადოება ვერ ხედავს ხელისუფლების ადეკვატურ რეაგირებას.

დღეს უკვე, საქმეში მოწმის სახით დაკითხული ადამიანი აგრძელებს გარდაცვლილის დედის, ნონა ჯოჯუას, შანტაჟს, დაშინებას. მიუხედავად იმისა, რომ ნონა ჯოჯუას სახლში მისული მოწმე დაკავებულია, ეს არ არის საკმარისი იმისათვის, რომ სამართალდამცავი ორგანოების და აღმასრულებელი ხელისუფლების საქმიანობა საკმარისად ჩაითვალოს. თავად დაკავებულიც მოცემულ შემთხვევაში, სავარაუდოდ, არის სამართალდამცავი ორგანოების მსხვერპლი, რადგან ნონა ჯოჯუა მედიასთან აცხადებს: “მოწმის სახით იყო დაკითხული. ამაზე იყო გამწარებული, მე რატომ მახსენეთო იქო. პოლიციელი, რომელიც გოდერძისთან ახლობლობდა ის მივიდა მასთან, სანამ ჩემს შვილს დავასაფლავებდით, და უთხრა, რომ ნონა გააჩერეთო. ეს მინდოდა, რომ პროკურატურაში ეთქვა და ამაზე იყო გამწარებული.“ მოყვანილი ტექსტიდან ცალსახად იკვეთება, რომ პოლიცია უკანონოდ ცდილობდა საქმის მიმდინარეობაზე ზეგავლენის მოხდენას.

დემურ სტურუას თვითმკვლელობის ფაქტზე მიმდინარე საგამოძიებო პროცესები ადასტურებს იმ ფაქტს, რომ სამართალდამცავ სისტემაში ჯერ კიდევ მძლავრად მუშაობს დაშინებისა და დაშანტაჟების პრაქტიკა. ყოველივე ამას კი სისტემური ხასიათი აქვს.

მოვუწოდებთ აღმასრულებელ ხელისუფლებას, შინაგან საქმეთა მინისტრს, დაუყოვნებლივ გადადგან ქმედითი ნაბიჯები სამტრედიის პოლიციაში არსებული ვითარების სრულყოფილად შესასწავლად და უზრუნველყონ ყველა მოწმის უსაფრთხოება,”-ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარის დატოვება