„არ არის საჭირო ღია კარის მტვრევა, იმედია ხვალიდან მომსახურება შეუფერხებელი იქნება…“

იუსტიციის მინისტრი საზოგადოებას სიმშვიდისკენ მოუწოდებს.

„მინდა, გამოვეხმაურო საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომელმაც ე.წ. მორატორიუმის კანონი ნაწილობრივ გააუქმა და ანტიკონსტიტუციურად ცნო; ნაწილობრივ, რადგან მორატორიუმი ანტიკონსტიტუციურად იქნა ცნობილი მხოლოდ ფიზიკური პირების, ანუ უცხოელების, ნაწილში. დღეს ჩვენ ვიხილეთ ვნებათაღელვა, ვიხილეთ საპროტესტო აქციები იუსტიციის სახლის თბილისის ფილიალში და მე მინდა, ვისარგებლო შემთხვევით, მივმართო ყველას, მოვუწოდო სიმშვიდისკენ, რადგან ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ − როდესაც გამოვხატავთ საკუთარ აზრს − ალბათ, ის, რომ როდესაც იუსტიციის სახლში დღიურად მიდის 10 000 ადამიანამდე, ზოგს პასპორტი აქვს ასაღები და რამდენიმე საათში ფრენა აქვს, ზოგს გარდაცვალების რეგისტრაცია ეჩქარება, ზოგს დაბადების რეგისტრაცია ეჩქარება და ბევრი სხვა ტრანზაქცია ტარდება დღის განმავლობაში, ასეთ ადამიანებს დღეს, სამწუხაროდ, ხელი შეუშალა საპროტესტო აქციამ, რომ მიეღოთ ის მომსახურება, რასაც ჩვეულებრივ იღებენ.

მე მინდა, დიდი იმედი გამოვთქვა, რომ ხვალიდან ეს მომსახურება განახლდება და ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო არ იქნება თბილისის იუსტიციის სახლის შესასვლელი და მთლიანად შენობა პროტესტანტების, საპროტესტო აქციის, მათ შორის, სპონტანური საპროტესტო აქციის, მონაწილეების მიერ ბლოკირებული და შეფერხებული. ინფორმაციისა და მაგალითისთვის მინდა, გითხრათ, რომ დღეს არცერთი უცხოელის სახელზე სასოფლო-სამეურნეო მიწა არ დარეგისტრირებულა. შესაბამისად, ვნებათაღელვა არის უადგილო; არ არის საჭირო ღია კარის მტვრევა და ხელის შეშლა იმ რიგითი მოქალაქეებისთვის, რომელთაც სურთ სერვისების მიღება. ასეთი მოქალაქეებისთვის ხელის შეშლად ეს ნამდვილად არ ღირს. ამიტომ ყველას მინდა, მოვუწოდო სიმშვიდისა და საკუთარი მოქალაქეების პატივისცემისკენ, რისი დიდი იმედიც მაქვს, რომ ხვალიდან ეს შესაძლებელი იქნება“

https://www.facebook.com/MinistryofJusticeofGeorgia/videos/324349028289153/