განათლების სამინისტრო ზუგდიდის მე-6 სკოლის დირექტორის გარდაცვალებაზე

განათლების სამინისტროში ზუგდიდის მე-6 სკოლის დირექტორის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით ბრიფინგი გაიმართა. 

სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორის, ია კერზაიას გარდაცვალების გამო და მის ოჯახსა და ახლობლებს უსამძიმრებს.

“აქვე აღვნიშნავთ, რომ გარკვეული პოლიტიკური ძალების მიერ ამ ტრაგედიის პოლიტიზება კატეგორიულად მიუღებელია. 2012 წლიდან ხელისუფლებამ უზრუნველყო და მნიშვნელოვანი მიღწევაა ის, რომ განათლების სისტემა დეპოლიტიზებულია და შესაბამისად, პოლიტიკური დღის წესრიგის საგნად იქცეს რომელიმე სასწავლო დაწესებულება, არ დავუშვებთ.

ბოლო დღეების განმავლობაში სამინისტრო მაქსიმალურად იკავებდა თავს განცხადებისგან, თუმცა მიზანმიმართული, არასწორი ინფორმაციის გავრცელებით განვითარებულმა მოვლენებმა ისეთი სახე მიიღო, რაც სასწავლო პროცესს, პედაგოგების, მოსწავლეების ინტერესებს, მთლიანად განათლების სისტემას აზიანებს და ხელს უშლის მის სრულფასოვან ფუნქციონირებას.

ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ განათლების სამინისტრო სრულ მზადყოფნას გამოთქვამს ყველა სახის დოკუმენტაცია მიაწოდოს და ითანამშრომლოს ყველა დაინტერესებულ მხარესთან”, – განაცხადეს განათლების სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე.

შეგახსენებთ, რომ ზუგდიდის მეექვსე სკოლის დირექტორის ია კერზაიას გარდაცვალებას მისი შვილი ბაჩანა შენგელია მასზე განხორციელებულ პოლიტიკურ ზეწოლას უკავშირებს, რომელსაც, მისი მტკიცებით, კერზაია ხელისუფლებისგან განიცდიდა.

იხ.

https://www.gmtv.ge/51841-2/

საპარლამენტო ოპოზიცია კი პარლამენტში განათლების მინისტრის მისვლას მოითხოვს.

იხ.

https://www.gmtv.ge/51879-2/