“ბრძოლა ყოველთვის გამოიღებს შედეგს! აქციები გაგრძელდება!”

ზაზა სვანაძე

უკვე მეხუთე დღეა, რაც საზოგადოებრივი მოძრაობები, რომლებიც იპოთეკარებით დაზარალებული ადამიანების უფლებებს იცავენ, კანცელარიასთან აქციას მართავენ. ისინი ღია-ცის ქვეშ, კარვებში ათენებენ და ეს სურათი სიმბოლურთან ერთად, რეალურის ყოფის ამსახველიცაა, – მათი ნაწილი ხომ უსახლკაროა…

როგორც მოძრაობის ხელმძღვანელი, უფლებადამცველი მამისა ჯაფარაშვილი ჩვენთან საუბარში აცხადებს, ის, თანამოაზრეებთან ერთად, აქციების გაგრძელებას აპირებს. დღის ხუთ საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან მისულებმა, შენობის წინ, ოცდაათამდე ადამიანი შევნიშნეთ და ღონისძიების ორგანიზატორისგან კომენტარიც მოვიპოვეთ;

– ქალბატონო მამისა, უკვე რამდენიმე დღეა, რაც თანამოაზრეებთან ერთად თქვენ იმყოფებით კანცელარიის წინ, რას აპროტესტებთ აქ ?

– დიახ, ჩვენ შვიდ დეკებმერს მოვაწყვეთ პირველი აქცია, სადაც მივმართეთ მინისტრთა კაბინეტს, უშუალოდ ბატონ პრემიერს; რომ ამ ქვეყანაში, ერთხელ და სამუდამოდ შეფასება უნდა მიეცეს, ფულად-საკრედიტო პოლიტიკას, იმ ყველაფერს რაც ხდებოდა ამ მიმართულებით, ბოლო 15 წლის განმავლობაში…

– როგორც ვხვდები აქ მხოლოდ იპოთეკარები არ უნდა იყოთ შეკრებილი.

– ჩვენ წარმოვადგენთ ყველა იმ ადამიანის ხმას, რომლებიც დაზარალდნენ მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, კერძო მევახშეების, და ლომბარდების მიერაც კი, ის რაც საქართველოში მოხდა, სისტემური დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. პირველი, უპირობო მოთხოვნა არის ის, რომ ქვეყანაში გრძელდება გამოსახლებები, ამ ტიპის ვალების გამო, ვფიქრობთ, რომ გამოსახლებები უნდა შეჩერდეს მინიმუმ ორი წლით ! უნდა გამოცხადდეს მორატორიუმი! ეს დრო სავსებით საკმარისია იმისთვის, რომ უწყებათაშორისი კომისია შეიკრიბოს და ამ კომისიამ დადოს ზუსტად ის დასკვნა რასაც ჩვენ ვთავაზობთ, ეს ხალხი გამოცხადდეს დაზარალებულად ! დაზარალებულთათვის კი ხელისუფლებას შემდეგ გამოსავალს ვთავაზობთ, უნდა შეიქმნას სპეციალური ფონდი, სადაც მოხდება თანხების აკუმულირება ! ფონში შესული თანხები უნდა მოხმარდეს დაჩაგრულ ადამიანებს. ამ ქვეყანაში უპირველესი უნდა გახდეს ადამიანებზე ზრუნვა ! ყველამ ვიცით, რომ ხელისუფლება თანხებს ძალიან ხშირად ფასადურ პროექტებში ხარჯავს და კონცერტებში …

– დღეს ბევრ ადამიანს აქვს სახლ-კარი იპოთეკით დატვირთული და ამ პრობლემის მოგვარება ალბათ, კოლოსალური თანხების მობილიზებას საჭიროებს…

– ამ ყველაფერს ასტრონომიული თანხები არ დასჭირდება და გეტყვით რატომაც, მთავარი ნებაა; თუ ხელისუფლება აღიარებს იმას, რომ ქვეყანაში ფორს-მაჟორული სიტუაციაა, რომ მისთვის ადამიანი უპირველესია, იპოთეკური კრიზისიც დაიძლევა ! რამდენი ოჯახი განადგურდა ?! რამდენი ადამიანი გაიქცა ქვეყნიდან იმის გამო, რომ ქუჩაში დარჩა ?! ძირი თანხა, რა თქმა უნდა ყველამ უნდა დააბრუნოს, ნაკისრი ვალდებულებები, უნდა შესრულდეს, მაგრამ არა ისე, რომ პროცენტებით მოახრჩონ ადამიანები ! ვისაც თანხა გადახდილი აქვს ძირ თანხაში ჩაეთვალოს ! ბანკებს რაც შეეხება, იმდენჯერ ძარცვეს ქვეყანა, ჩამოწერაც შეიძლება ამ პროცენტების !

– მოდით პირდაპირ გკითხავთ, რატომ არ არის ბევრი ადამიანი თქვენს მიერ დაორგანიზებულ აქციაზე ? რეალურად ხომ ეს პრობლემა ბევრს აწუხებს დღევანდელ საქართველოში ?

– იცით როგორ არის ? სამწუხაროდ დღეს, ადამიანები ყოფითი პრობლემებისგან ისე არიან გადაღლილები, ისე არიან იმედგაცრუებულები, რომ ეს ყველაფერი მათ ბრძოლისუნარიანობაზეც აისახება, ამიტომ მე ვერავის ვერ ვუსაყვედურებ, ვერ ვეტყვი, რომ აი დამნაშავეები ხართ აქ თუ არ მორბიხართ-მეთქი, მათ კარგად იციან, რომ ერთი ან ორი ვიზიტით კანცელარიასთან ეს პრობლემა არ მოგვარდება, თუმცა ბრძოლა ყოველთვის გამოიღებს შედეგს. ჩვენ ვაპირებთ აქციების გაგრძელებას !

ქალბატონი მამისასგან მოპოვებული კომენტარის შემდეგ, ჩვენ სასოწარკვეთილი და ხელისუფლებისგან დახმარების მოლოდინში მყოფი ადამიანების გარემოცვაში კიდევ რამდენიმე წუთი გავატარეთ; ისინი იხსენებდნენ იმ დროს, როდესაც თავიანთ სახლებში ბედნიერად ცხოვრობდნენ, ზოგჯერ იღიმოდნენ, ზოგჯერ ოცნებობდნენ, პერიოდულად ერთმანეთსაც ამხნევებდნენ. მათი ისტორიები, შეიძლება ვთქვათ რომ ტრაგედიები, ძალიან განსხვავებულია და ერთი მასალის ფარგლებში ამ ყველაფრის მოწოდება ფაქტიურად შეუძლებელიცაა, თუმცა შევეცდებით რომ თვალი მივადევნოთ კანცელარიის წინ განვითარებულ მოვლენებს და გიამბოთ იმის შესახებ თუ რა განვითარებას ჰპოვებს, მათი გამოძახილი.