ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭო თავდაცვის სამინისტროს ემბლემის ცვლილებაზე

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ემბლემის ცვლილებამ უკვე ჰპოვა გამოხმაურება საზოგადოებაში. გაჩნდა კითხვებიც და უკმაყოფილებაც. საზოგადოების ჯგუფმა ცვლილებას „უგემოვნებო და უშინაარსო გადაწყვეტილება“ უწოდა.

რატომ გახდა საჭირო თავდაცვის სამინისტროს გერბის შეცვლა? იყო თუ არა გადაწყვეტილება შეთანხმებული პარლამენტთან და როგორ მოხდა მანამდე არსებული სიმბოლოს სტილისტური შესწორება? ამ კითხვებზე პასუხს ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭო პასუხობს.

-„გვინდა გამოვეხმაუროთ საზოგადოებაში გაჩენილ კითხვებს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ემბლემის ცვლილებასთან დაკავშირებით. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ემბლემის სტილისტური ცვლილება წარმოადგენს იმ პროცესის ნაწილს, რომელიც დაიწყო 2013 წლიდან, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე.

ამ წლების განმავლობაში თავდაცვის სამინისტროსა და ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს ურთიერთთანამშრომლობით შემუშავდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-საბრძოლო დროშების სრული პაკეტი, რომელიც საქართველოს პრეზიდენტმა დაამტკიცა. საზოგადოებამ ხსენებული დროშები იხილა 2017 წლის 14 იანვარს, საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეს და ასევე საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 16 დეკემბრის ინაუგურაციის ცერემონიაზე. ამასთან საქართველოს გენერალური შტაბის ემბლემის დამტკიცება მოხდა ახალი კონსტიტუციის ძალაში შესვლის და საქართველოს პრეზიდენტისა და თავდაცვის მინისტრის უფლებამოსილებების გამიჯვნის შედეგად.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და თავდაცვის ძალების ემბლემები თავდაცვის სამინისტროს სიმბოლოების საერთო პაკეტის ნაწილია და მათი განხილვა მოხდა ასევე მემორანდუმის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს მუდმივმოქმედი კომისიისა და თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის ჰერალდიკური საკითხების მომწესრიგებელი სამუშაო ჯგუფის ურთიერთთანამშრომლობით.

ახალ ემბლემასთან დაკავშირებით შეიძლება ითქვას, რომ მოხდა მანამდე არსებული სიმბოლოს სტილისტური შესწორება, მოდერნიზაცია და დაახლოება საქართველოში დამკვიდრებულ ჰერალდიკურ ნორმებთან, ძველი სიმბოლოდან ამოღებული იქნა დაფნის ტოტი და რვაქიმიანი ვარსკვლავი, რომელიც უცხოა საქართველოს ჰერალდიკური ტრადიციისთვის, ასევე სტილისტურად გასწორდა ხუთჯვრიანი კომპოზიცია. მანამდე არსებული ჯვრები ჩანაცვლდა ჯვრის სახეობით, რომლითაც საქართველო ცნობილია ევროპული ჰერალდიკურ რუკაზე“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ცნობისთვის: პარლამენტი სამხედრო ფიცის ტექსტის შესახებ ახალ დადგენილებას მიიღებს. სამხედრო სამსახურში გაწვეული პირები სამხედრო ფიცს ახალი რედაქციის ტექსტის მიხედვით დადებენ, რაც თავის მხრივ, კონსტიტუციაში განხორციელებულ იმ ცვლილებას უკავშირდება, რომლის მიხედვით, ტერმინი “სამხედრო ძალები“ ტერმინით “თავდაცვის ძალები“ შეიცვალა. 

ამასთან, “სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ კანონის თანახმად, სამხედრო სამსახურში გაწვეული პირი დებს სამხედრო ფიცს, ხოლო სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოხდა შეიძლება როგორც თავდაცვის ძალებში, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში.

როგორც პარლამენტის დადგენილების პროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნილი, მიზანშეწონილია ფიცის ტექსტში ტერმინი “შეიარაღებული ძალები“ შეიცვალოს სამხედრო სამსახურით.როგორც პარლამენტის დადგენილების პროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნილი, მიზანშეწონილია ფიცის ტექსტში ტერმინი “შეიარაღებული ძალები“ შეიცვალოს სამხედრო სამსახურით.