გიორგი მერკვილაძის ბარელიეფის გახსნა, მემორანდუმის გაფორმება

საქართველოში პირველი სპორტული სკოლა-ინტერნატის დამაარსებლის გიორგი მერკვილაძის სახელობის ბარელიეფი გაიხსნა.

ღონისძიება საქართველოს ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნულ ცენტრში შედგა და ცენტრის დაარსებიდან 60 წლის იუბილეს მიეძღვნა. ეროვნული ცენტრის შენობაში მოეწყო ცენტრის მიერ აღზრდილი ცნობილი სპორტსმენების ამსახველი ფოტოგამოფენა.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძემ, ოლიმპიური რეზერვების მზადების ცენტრის დირექტორმა ბორია ფირცხელიანმა და ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტმა მამუკა ხაბარელმა.

დღესვე, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა ეროვნულ ცენტრსა და ოლიმპიურ კომიტეტს შორის, რომელსაც ხელი ბორია ფირცხელიანმა და მამუკა ხაბარელმა მოაწერეს. მემორანდუმის მიზანია ცენტრსა და ოლიმპიურ კომიტეტს შორის თანამშრომლობის გაღრმავება, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშების წინ.

გამორჩეული სპორტსმენები ორ ნომინაციაში გამოვლინდებიან: ოლიმპიური ცენტრის „2018 წლის საუკეთესო სპორტსმენი“ და „საპატიო დესპანი“. დაჯილდოვების ცერემონიას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, პარლამეტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტისა და სპორტული ფედერაციების, ასევე საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის წარმომადგენლები დაესწრებიან.