“განსაზღვროს იმ სამშენებლო-მოსაპირკეთებელი მასალების კონკრეტული ჩამონათვალი, რომელთა გამოყენებაც აკრძალულია”

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია მწუხარებას გამოთქვამს თბილისში, დიდ დიღომში მომხდარი ტრაგედიის გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს.

ომბუდსმენის აპარატის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ ყველა ღონეს უნდა მიმართოს, რათა ამ ტრაგედიით დაზარალებულმა მოსახლეობამ სრულყოფილი სამედიცინო, ფსიქოლოგიური და ასევე მატერიალური დახმარება მიიღოს.

ომბუდსმენი ასევე იმედს გამოთქვამს, რომ საგამოძიებო ორგანოები მაქსიმალურად სწრაფად შეისწავლიან აფეთქების გამომწვევ და დამანგრეველი ეფექტის სიძლიერის მიზეზებს და გამოკვეთენ პასუხისმგებელ პირებს.

“სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ მოუწოდებს ხელისუფლებას, განსაზღვროს იმ სამშენებლო-მოსაპირკეთებელი მასალების კონკრეტული ჩამონათვალი, რომელთა გამოყენებაც აკრძალულია, მაშინ როცა არაერთი სამშენებლო მასალა ხასიათდება არამდგრადი, წვადი თუ სხვა მავნე ბუნებით; ასევე აუცილებელია ობიექტების სახანძრო უსაფრთხოების საკანონმდებლო გარანტიების სრულყოფა”, – წერია განცხადებაში.

ენერგოომბუდსმენმა დიდ დიღომში მომხდარი აფეთქების შესწავლა დაიწყო და “ყაზტრანსგაზისგან” განმარტება მოითხოვა.