23 დეპუტატმა მცხეთაში „ოცნებისა“ და დიმიტრი ხუნდაძის მხარდასაჭერად განცხადება გაავრცელეს

მცხეთის გამგეობის შენობაში, ქალაქ მცხეთისა და მცხეთის რაიონის საკრებულოს 23 დეპუტატმა მცხეთაში „ქართული ოცნებისა“ და მისი კანდიდატის დიმიტრი ხუნდაძის მხარდასაჭერად სპეციალური განცხადება გა აკეთეს.

-“ქალაქ მცხეთისა და მცხეთის რაიონის საკრებულოს წევრები, წარმოდგენილი 23 დეპუტატის სახით, ვაცხადებთ:

ახლოვდება 2016 წლის 8 ოქტომბერი. მცხეთა და მცხეთის რაიონი აქტიურად არის ჩართული საარჩევნო პროცესში, მათ შორის ჩვენც.  დღეს მცხეთაში სამწუხაროდ, მეორდება 2012 წელი.

დღეს ვებრძვით ზუსტად იმ ხალხს, ვისაც ვებრძოდით 2012 წელს – “ნაციონალურ მოძრაობას” ცეზარ ჩოჩელის სახით.

ესენი სწორედ ისინი არიან, ვინც 4 წლის წინ  გვატერორებდნენ, ოჯახებს გვიწიოკებდნენ, თავისუფლად ცხოვრების საშუალებას არ გვაძლევდნენ.  ჩვენთვის შეურაცხმყოფელია ის ფაქტი, რომ სწორედ მას, ვის პერიოდშიც მცხეთის მიწები უმოწყალოდ იყიდებოდა და მხოლოდ პირადი განდიდებით იყო დაინტერესებული, ვინც დაუფარავად ამართლებდა ციხეებში პატიმრების მიმართ სასტიკ მოპყრობას, ვინც მხარში ედგა ვანო მერაბიშვილს და მათი ბიზნესების ლობისტად იყო მოვლენილი და ვისი დამსახურებითაც მცხეთა იუნესკოს კულტურული ძეგლების სიიდან ამოიღეს, დღეს ხელისუფლებაში დაბრუნება სურს.

ხმამაღლა ვაცხადებთ, ჩვენ ვართ ის პირები, ვისზედაც გადაიარა 2012 წლის სისასტიკემ, ვინც საკუთარი სიცოცხლის ფასად დავიცავით მცხეთა და ჩვენი ოჯახები. ხელიდან გამოვგლიჯეთ ჩვენი ქვეყანა მკვლელებს და ჯალათებს. ეს იყო მეორე დიდგორი და თუკი კიდევ დაგჭირდა, ხელახალი დიდგორისთვის  მზად ვართ. არ დავთმობთ მცხეთას და მცხეთის რაიონს! არ დავბრუნდებით წარსულში!  ჩვენ მხოლოდ უკეთესი მომავლისთვის ვიბრძვით!

ქალაქ მცხეთის  და  მცხეთის რაიონის საკრებულოს წევრები მხარს ვუჭერთ “ქართულ ოცნება-დემოკრატიულ საქართველოს” და მის ღირსეულ კანდიდატს დიმიტრი ხუნდაძეს!

ჩვენ საქართველოს პარლამენტში 2012 წელს წარვადგინეთ დეპუტატი, რომელმაც გუნდთან ერთად შეძლო რევულუციური ცვლილებების მოხდენა ჯანდაცვაში, სოციალურ სფეროში, დემოგრაფიული მიმართულებით. რომელმაც მცხეთას მისცა განვითარების საშუალება, მსხვილი პროექტების განხორციელებით, აგვისრულა მრავალწლიანი ოცნება და პირველად მცხეთის ისტორიაში, მოსპო კორუფცია. დღეს მცხეთა, სწორედ მისი წყალობით ხალხს ეკუთვნის.

დღეს ჩვენი ქალაქის და რაიონის გამკარგავი ვართ მხოლოდ ჩვენ და არა რომელიმე ჩინოვნიკი. დიმიტრი ხუნდაძემ საკუთარი ცხოვრებით აჩვენა, თუ როგორ უნდა იცხოვროს სახელმწიფო მოღვაწემ ისე, რომ არ გაძარცვოს საკუთარი ხალხი, ქალაქი, რაიონი და მათი ქონებით არ მოიწყოს საკუთარი კომფორტი.

დიმიტრი ხუნდაძე არის მაგალითი, თუ როგორ უნდა გიყვარდეს საკუთარი სამშობლო.

სწორედ ამიტომ, აქ შეკრებილი დეპუტატები მხარს ვუჭერთ ჩვენს ღირსეულ კანდიდატს დიმიტრი ხუნდაძეს და გვჯერა, საქართველოს პარლამენტი კიდევ ბევრ მნიშვნელოვან კანონს მიიღებს მისი ავტორობით, გვჯერა რომ მცხეთა და მცხეთის რაიონის მოსახლეობა ბედნიერად ვიცხოვრებთ ჩვენს კუთვნილ მიწაზე, გვჯერა რომ “ქართული ოცნება” და მისი კანდიდატი დიმიტრი ხუნდაძე მცხეთაში, ჩვენთან ერთად დამაჯერებელ გამარჯვებას მოიპოვებს!” , – ნათქვამია საკრებულოს დეპუტატების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

 

 

 

კომენტარის დატოვება