ერთ-ერთი ახალი ავტობუსის მძღოლი ქალბატონი იქნება

თბილისის მერი დავით ნარმანია, მოადგილესთან, ირაკლი ლექვინაძესთან და შპს “თბილისის სატრანსპორტო კომპანიის” გენერალურ დირექტორთან, ნუგზარ ჭეიშვილთან ერთად, პოლონეთის ქალაქ პოზნანში “MAN Truck & Bus AG”-ის ქარხანაში იმყოფებოდა და პირადად გაეცნო იმ ახალი ავტობუსების აწყობის პროცესს, რომლებიც სულ მალე თბილისში ივლიან.

პოლონეთის ერთ-ერთ უძველეს და უდიდეს ქალაქ პოზნანში MAN Truck & Bus AG-ის ქარხანა 150 000 მ2 ფართობზეა განთავსებული და 1998 წელს დაფუძნებულ საწარმოში, ძირითადად, CNG-ი საწვავზე მომუშავე ძრავებით აღჭურვილი საქალაქო ავტობუსები ეწყობა.

4G2A4264 copy

“საერთაშორისო ტენდერში გაიმარჯვა კომპანია “Man”-მა, რომელმაც დააკმაყოფილა ყველა ის ტექნიკური პირობა და მოთხოვნა, რაც ჩვენ გვქონდა დაყენებული. მნიშვნელოვანი იყო, რომ ავტობუსები ყოფილიყო ბუნებრივ აირზე მომუშავე და თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი, რათა ერთის მხრივ, დაგვეზოგა საწვავის ხარჯები და მეორეს მხრივ, ყოფილიყო გაცილებით უსაფრთხო გარემოსთვის. წარმოების პროცესი ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს და 7 თვის განმავლობაში ქალაქში 143 ახალი ავტობუსი შემოვა. ისინი იმოძრავებენ წინასწარ შერჩეული მარშრუტით, ფართო ქუჩებსა და გრძელ დისტანციებზე, თუმცა მეორე ეტაპისთვის ვფიქრობთ შედარებით პატარა ავტობუსების შემოყვანას, რათა ქალაქის ისტორიულ ნაწილსა და ვიწრო ქუჩებში მათ თავისუფლად შეძლონ გადაადგილება. მნიშვნელოვანია, რომ ავტობუსები ადაპტირებულია შშმ პირთათვის, ასევე, დაცულია უსაფრთხოების ყველა ნორმა, შესაბამისად, გააჩნია დიდი უპირატესობები სხვა მოდელებთან შედარებით,” – განაცხადა დავით ნარმანიამ.

თბილისის მუნიციპალური ავტოპარკის განახლების პირველ ეტაპზე სექტემბრის ბოლოდან 10 ახალი ავტობუსი შემოვა. ამასთან, მძღოლებს, რომლებიც “Man”-ის ავტობუსებზე დასაქმდებიან, MAN Truck & Bus AG-ის სპეციალისტები გადაამზადებენ. უკვე ცნობილია, რომ ერთ-ერთი ახალი ავტობუსის მძღოლი ქალბატონი იქნება.

 

კომენტარის დატოვება