იაგო ხვიჩია – „ქართულმა ოცნებამ“ პროპორციული არჩევნები ბუნებრივი ბარიერით დადოს მაგიდაზე და აქედან პირდაპირ ჩავდივარ პარლამენტში

„ქართულმა ოცნებამ“ პროპორციული არჩევნები ბუნებრივი ბარიერით დადოს მაგიდაზე და აქედან პირდაპირ ჩავდივარ პარლამენტში – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

მისივე თქმით, მამუკა მდინარაძის განცხადება ნულოვანი ბარიერის შესაძლო შემოღების თაობაზე საკმარისი არ არის.

„მამუკა მდინარაძის განცხადება საკმარისი რომ ყოფილიყო, უკვე პარლამენტში ვიქნებოდით, მაგრამ საკმარისი არ არის. მხოლოდ პირველი ნაბიჯის დასაწყისია, რომ ამაზე საუბარი დავიწყოთ, მაგრამ აქედან არ ჩანს ის, რასაც ამდენი წელია ქართველი ხალხი ითხოვს. აქედან გამომდინარე, ფრთხილი ოპტიმიზმით ვუყურებ ამ ამბავს. ვფიქრობ, კარგია, რომ ამ თემაზე საუბარი დაიწყო და ხელისუფლებამ თქვა, რომ შეგვიძლია ამ მიმართულებით მუშაობა, მაგრამ ცუდი ის არის, რომ ამ მიმართულებით ჯერ არაფერი კონკრეტული არ დევს მაგიდაზე. „ქართულმა ოცნებამ“ დადოს პროპორციული არჩევნები ბუნებრივი ბარიერით და აქედან პირდაპირ პარლამენტში მივდივარ“, – განაცხადა ხვიჩიამ.

მისივე თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლები ცუდი გავლენის ქვეშ არიან და „გირჩის“ ამოცანა მათი გათავისუფლებაა.

„ჩემი კოლეგები ოპოზიციიდან ცუდი გავლენის ქვეშ არიან. მიუტევეთ მათ, მხოლოდ მათი ბრალი არ არის, ასეთი პოლიტიკური სპექტრი გვაქვს წლებია. სხვადასხვა ადამიანის გავლენის ქვეშ არიან. წარმოიდგინეთ, რამდენი ოპოზიციური პარტიაა, რამდენი ლიდერით და ყველა ერთი კაცის გავლენის ქვეშ ხომ არ არის, რამდენიმე კაცის გავლენის ქვეშ არიან და მათი გათავისუფლება მარტივი არ არის, შრომატევადი საქმეა. არ გვაქვს პოლიტიკური სპექტრი, რომელმაც იცის, რა უნდა. მხოლოდ რამდენიმე კაცმა იცის და სამწუხაროდ, დანარჩენებს იყოლიებენ. ჩვენი ამოცანა არის, რომ ყველა ადამიანს დაველაპარაკოთ და ისინი გავათავისუფლოთ გავლენისგან“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.