“ვაკის პარკმა გაიმარჯვა და მინდა, მოგილოცოთ!..”

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თქვა, რომ ვაკის პარკში სასტუმრო „ბუდაპეშტი“ არ აშენდება. ამის შესახებ კალაძემ ბრიფინგზე ილაპარაკა, რომელიც სასტუმრო „ბუდაპეშტის“ მფლობელთან შეხვედრის შემდეგ გამართა.

“ვაკის პარკმა გაიმარჯვა და მინდა, მოგილოცოთ. მინდა, მივულოცო თბილისს და თბილისელებს, მოვახერხეთ შეთანხმების მიღწევა ინვესტორთან, ამ კონკრეტულ ადგილზე ვაკის პარკში არაფერი აშენდება. მადლობა ყველა იმ ადამიანს, იმ აქტივისტს, ვინც პირველი დღეებიდან ჩართული იყო და იცავდა ამ კონკრეტულ მწვანე სივრცეს. მადლობა იმ რიგით თბილისელებს, ვისაც გული შესტკიოდა ამ მწვანე სივრცეზე, გვიცხადებდა მხარდაჭერას და თანადგომას. მადლობა ინვესტორს, რომელმაც გადმოდგა შემხვედრი ნაბიჯები და მივაღწიეთ შეთანხმებას”, – განაცხადა კახა კალაძემ.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, ინვესტორისთვის კომპენსაციის გადახდაზე საუბარი არ არის. ლაპარაკია ადგილმონაცვლეობაზე ან მერიის მიერ მიწის გამოსყიდვაზე.

“მოხარული ვარ, რომ მოლაპარაკებები დასრულდა. ჩვენთვისაც რთული იყო ექვსი წელი ამ პროცესებში ყოფნა. მერია წამოვიდა შემხვედრ წინადადებაზე, რისთვისაც მინდა, მადლობა გადავუხადო, რომ დაძაბულობა და დაპირისპირებაც მოგვაშორა. მოვილაპარაკეთ, რომ კონკრეტულ ობიექტებზე, კონკრეტულ მიწის ნაკვეთებზე შევთანხმდებით. არის რაღაც ჩამონათვალი და ჩვენმა კომპანიამაც მიიღო გადაწყვეტილება, დავთანხმდეთ ადგილმონაცვლეობას ან გამოსყიდვას. გვაქვს ალტერნატივა, ავირჩიოთ შემოთავაზებულიდან, რაც ჩვენთის მისაღებია და რამდენიმე დღეში დავასრულებთ ამ პროცესს. შემოთავაზებული წინადადებები ადეკვატურია გვაკმაყოფილებს“, – განაცხადა გიგა ზაქაიძემ.