“არ დავიშურებთ ძალისხმევას ბავშვთა სიღარიბის პრობლემის დასაძლევად…

„ჩვენი ამოცანაა, შევქმნათ ისეთი სახელმწიფო პოლიტიკა და ისეთი ერთიანი სტანდარტი, რომელიც გახდება ბავშვის მხარდაჭერის და ოჯახისთვის საჯარო სივრცეში ბავშვის უფლებების დაცვის მყარი საწინდარი“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ბავშვის უფლებათა კოდექსის პროექტის პრეზენტაციაზე განაცხადა.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ბავშვთა უფლებების დაცვისა და უფლებათა რეალიზაციის დახვეწილი  მექანიზმების არარსებობის კუთხით, საქართველოში სერიოზული გამოწვევებია. მისივე შეფასებით, შემაშფოთებელია ბავშვთა მიმართ ძალადობის მასშტაბები, რაც, ირაკლი კობახიძის თქმით, დაუყოვნებლივ რეაგირებას და შესაბამის ჩარევას მოითხოვს.

ირაკლი კობახიძის თქმით, დიდ პრობლემად რჩება ბავშვთა სიღარიბე.

„დიდ პრობლემად რჩება ჩვენს საზოგადოებაში ბავშვთა სიღარიბე. ამ კუთხით მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოში არსებობს ბავშვთა მიმართ ზრუნვის და სოლიდარობის მდიდარი სამართლებრივი ტრადიციები. ჯერ კიდევ პირველი რესპუბლიკის დროს მიღებულ, 1921 წლის კონსტიტუციაში აღნიშნულია, რომ სახელმწიფო მიზნად ისახავს პირველ დაწყებით სკოლაში უღარიბეს ბავშვებს საზრდო, ჩასაცმელ დასახური და სასკოლო ნივთები უფასოდ მიეცეს.  ამ მიზნის განსახორციელებლად სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობანი თავის შემოსავლის ერთ ნაწილს გადადებენ ყოველწლიურად. ეს ფაქტი, ეს ნორმა მიუთითებს იმაზე, თუ რამდენად  დიდი ყურადღება ეთმობოდა საქართველოში, ჯერ კიდევ, პირველ რესპუბლიკაში, ბავშვთა უფლებების დაცვას და ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ ამ ტრადიციას და უნდა დავაფუძნოთ ამ ტრადიციაზე, ჩვენს ბავშვებზე ზრუნვა და მათი უფლებების დაცვაზე ზრუნვა.

ამ სულისკვეთებით ჩვენ დღესაც, რა თქმა უნდა,  ვადასტურებთ მზადყოფნას, რომ არ დავიშურებთ ძალისხმევას   ბავშვთა სიღარიბის პრობლემის დასაძლევად და უკვე ვდგამთ კონკრეტულ ნაბიჯებს აღნიშნული მიმართულებით. ამ კუთხით უმნიშვნელოვანესი იყო შარშან განხორციელებული ინიციატივა, რომლითაც გამოიყო სპეციალური სოციალური დახმარება სიღარიბის ზღვარს მიღმა მცხოვრები ბავშვებისათვის”,- აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ და განაცხადა, რომ ამ ფონზე მნიშვნელოვანია საკანონმდებლო საფუძვლების შექმნა ბავშვის უფლებების შესახებ გაეროს კონვენციით  საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებებისთვის.

ირაკლი კობახიძის განმარტებით, სწორედ ამ ვალდებულებათა შესრულებას და აღნიშნული პრობლემების გადაჭრას ემსახურება ბავშვთა უფლებების კოდექსის მიღება. მან კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო ამ საკითხს სათანადო ყურადღებას დაუთმობს.