“ეს იქნება პასუხი სკეპტიკოსებისათვის…”

მამუკა ბახტაძე: განათლების სისტემაში საუკეთესო შედეგებს დავდებთ

განათლების რეფორმის შემაჯამებელ პრეზენტაციაზე პრემიერმა განაცხადა, რომ “აუცილებლად დაიდევა საუკეთესო შედეგები განათლების სისტემაში და ეს იქნება პასუხი სკეპტიკოსებისათვის”

მამუკა ბახტაძის თქმით, ეს არის რეფორმა, რომელიც, სრულად მორგებულია რეალობასა და იმ გამოწვევებზე, რომელიც განათლების სისტემაშია.

რეფორმა მოიცავს ხუთივე საფეხურს, ესენია: ადრეული და სკოლამდელი, ზოგადი, პროფესიული, უმაღლესი განათლება და მეცნიერება.

არაერთი მიმართულებით უკვე გადაიდგა ქმედითი ნაბიჯები და საფუძველი ჩაეყარა მნიშვნელოვან პროცესებს. თუმცა, გულწრფელად უნდა ვაღიაროთ, რომ პრობლემები განათლების სისტემასა და მეცნიერებაში ჯერაც ძალიან ბევრია და შეუძლებელია ამ გამოწვევების დაძლევა რადიკალური ცვლილებების გარეშე. წლების განმავლობაში ჩვენი ქვეყნის განათლების სექტორში შეიქმნა დეფიციტი, რომელიც სასწრაფოდ უნდა აღმოიფხვრას. ყველაზე მძიმე გამოწვევა გახლავთ ის, რომ ეკონომიკური განვითარება და განათლება და მეცნიერება ერთმანეთს დაშორდა. ეს იყო ძალიან დიდი დარტყმა ჩვენი ეკონომიკური პოტენციალისთვის. ჩვენი ქვეყნის განვითარების სტრატეგიაში სწორედ ეს ორი მიმართულება იქნება განმსაზღვრელი. ამ ორმა მიმართულებამ ერთად უნდა უზრუნველყოს ჩვენი ქვეყნის დაჩქარებული განვითარება, ეკონომიკური განვითარება და რეფორმა განათლების სექტორში – შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ ეს არის ერთიანი სტრატეგია, რომელიც შედგება ორი კომპონენტისგან”- განაცხადა მამუკა ბახტაძემ.