სიახლე! თბილისს შემოქმედებითი ინდუსტრიების მხარდაჭერის ახალი პლატფორმა ექნება

თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის სხდომაზე დედაქალაქში კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების წესები განიხილეს. სხდომა დეპუტატებისა და თბილისის მერიის წარმომადგენლების, წამყვანი ფესტივალებისა და შემოქმედებითი ორგანიზაციების აქტიური ჩართულობით გაიმართა.

განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარის, თამარ ტალიაშვილის განმარტებით, შემოქმედებითი ინდუსტრიების მხარდამჭერი პროგრამები თბილისის ბიუჯეტში განათლებისა და კულტურის კომისიის ინიციატივით შევიდა და წარმატებით დაიმკვიდრა თავი დედაქალაქის ცხოვრებაში:

„თბილისის მერიის ეფექტიანი მიდგომით, შეიქმნა შემოქმედებითი ინდუსტრიების მხარდაჭერის ახალი პლატფორმა, რომელიც ხელს შეუწყობს დედაქალაქში კულტურულ-შემოქმედებით და ინტელექტუალურ აქტივობას, გაზრდის კონკურენტუნარიან გარემოს, პროცესს კი მეტ საჯაროობასა და გამჭვირვალობას შესძენს.

ამასთან, პლატფორმა მთლიანად მორგებულია დედაქალაქის ინტერესებზე, ორიენტირებულია თბილისის კულტურის მდგრადობასა და კრეატიული ინიციატივების მხარდაჭერაზე. კულტურული ინდუსტრიების განვითარებას გააჩნია უდიდესი პოტენციალი და დარგის წარმომადგენლებს მეტ სტიმულს სძენს“, – განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.

შემოქმედებითი ინდუსტრიების მხარდაჭერის ახალი პლატფორმა „შემოქმედებითი თბილისი“, მიახლოებულია შემოქმედებითი ევროპის (CREATIVE EUROPE) პროგრამასთან და წელიწადში არანაკლებ ორჯერ, ახლადშექმნილი აპლიკაციით, ელექტრონული კონკურსის მეშვეობით გამოცხადდება, რაც თავისთავად პროცესის გამჭვირვალობასა და კომუნიკაციის გაამარტივებას უზრუნველყოფს.