სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის რესპუბლიკაში ვიზიტს 17 თებერვალს დაიწყებს

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის რესპუბლიკაში ვიზიტს 17 თებერვალს დაიწყებს.

სალომე ზურაბიშვილი უმაღლესი დონის შეხვედრებს გამართავს საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან და საფრანგეთის სენატის პრეზიდენტ ჟერარ ლარშესთან, რომლებზეც საქართველო – საფრანგეთის ურთიერთობების უფრო მაღალ ხარისხში აყვანის საკითხები და საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები განიხილება.

ემანუელ მაკრონთან შეხვედრის შემდეგ ორი ქვეყნის პრეზიდენტები ხელს მოაწერენ თანამშრომლობის დეკლარაციას “ფრანგულ-ქართული დიმიტრი ამილახვრის სახელობის დიალოგის” დაფუძნების შესახებ, რომლის საფუძველზეც ქვეყნებს შორის დიალოგს ინსტიტუციური ხასიათი მიეცემა და თვისობრივად ახალ ეტაპზე გადავა.

დაგეგმილია შეხვედრა საფრანგეთის საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტის IFRI წარმომადგენლებთან. საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტში გამართულ დებატებში მონაწილეობას მიიღებენ: საფრანგეთის საექსპერტო წრეების წარმომადგენლები, დიპლომატები, ბიზნესმენები და პოლიტიკოსები.