„მე ვაჩვენე სახე აი ამ მმართველობის ქვეშ, რა დღეშია „ქართული ოცნება“ და უმრავლესობა…“

დღეს საპარლამენტო უმრავლესობა ცდილობდა, რომ დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეობიდან ზვიად კვაჭანტირაძე გადაეყენებინა, მაგრამ ამ საკითხს მხარი 67-მა დეპუტატმა დაუჭირა, გადაწყვეტილების მისაღებად კი 76 ხმა იყო საჭირო.

იხ.

https://www.gmtv.ge/56202-2/

ირაკლი კობახიძემ დღეს პარლამენტში გამოსვლისას ზვიად კვაჭანტირაძის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე გაწეული საქმიანობა უარყოფითად შეაფასა, რასაც ამ უკანასკნელის მხრიდან პარლამენტის სპიკერის მიმართ მძაფრი კრიტიკა მოჰყვა.

ზვიად კვაჭანტირაძემ კენჭისყრის შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტირებისას კობახიძის გამოსვლას „ყოვლად უსირცხვილო“ უწოდა და თქვა, რომ დღეს აშკარა გახდა, რომ „პრაქტიკულად „ქართულ ოცნებას“ უმრავლესობა საქართველოს პარლამენტში აღარ აქვს“.

„პარლამენტის თავმჯდომარის ყოვლად უსირცხვილო გამოსვლამ და იმ პოსტულატებმა, რომელიც მან მის ისტორიულად სამარცხვინო გამოსვლაში წამოაყენა, მე მიმაღებინა გადაწყვეტილება ბოლომდე ვმდგარიყავი მედგრად და არც ერთ შემთხვევაში არ გამეკეთებინა განცხადება გადადგომის თაობაზე. თქვენ დღეს დაინახეთ, რომ პრაქტიკულად „ქართულ ოცნებას“ უმრავლესობა საქართველოს პარლამენტში აღარ აქვს იმიტომ, რომ მიუხედავად ძალიან დიდი პრესისა, რომელიც ჩემმა მეგობრებმა, ჩემმა ყოფილმა თანამებრძოლებმა განიცადეს, დღეს დილიდან, გუშინ საღამოდან… სპეციალურად ჩამოიყვანეს ბიძინა ივანიშვილი, დაასწრეს სხდომას უმრავლესობის, რომ შეექმნათ ანტურაჟი, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილიც აუცილებლად ითხოვდა ჩემი საკითხის ამგვარად გადაწყვეტას. მიუხედავად იმისა, რომ მე დღეს პრაქტიკულად ვაჩვენე სახე აი ამ მმართველობის ქვეშ, რა დღეშია „ქართული ოცნება“ და უმრავლესობა, მე რა თქმა უნდა მაინც მივიჩნევ, რომ ამ სესიის ბოლომდე ჩემი ნებით გადავდგები ამ თანამდებობიდან“ – განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ.