“კომპანიასა და საწარმოსთვის ამოქმედდება რეგულაციები, რომელიც დაიცავს დასაქმებულთა უსაფრთხოებას”

შრომის უსაფრთხოების დაცვა მოგეხსენებათ, რომ მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია – ამ განცხადებით, შს მინისტრი თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევას ეხმაურება.

ორი დღის წინ სამშენებლო ობიექტზე მიწის ჩამოშლას, ორი მუშის სიცოცხლე ემსხვერპლა. გიორგი გახარია ამბობს, რომ ახალი რეგულაციები დაიცავს დასაქმებულთა სიცოცხლეს.

მისი თქმით, სექტემბრიდან ყველა კომპანიასა და საწარმოსთვის ამოქმედდება რეგულაციები, რომელიც დაიცავს დასაქმებულთა უსაფრთხოებას. შს მინისტრის განცხადებით, შესაძლოა, ახალი კანონის აღსრულების პროცესში გარკვეული ხარვეზები თავდაპირველად იყოს კიდეც, მაგრამ გახარია ამბობს, რომ ეს მენეჯმენტის საკითხია და მოგვარებადი პრობლემა იქნება.

„მოგეხსენებათ ეს იყო აბსოლუტურად ტრაგიკული შემთხვევა საერთოდ, შრომის უფლების დაცვა და შრომის უსაფრთხოების დაცვა მოგეხსენებათ, რომ მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია. კანონმდებლობა უკვე გაუმჯობესებულია, თებერვლიდან, ძალაში შევიდა მაღალი რისკის შემცველ ობიექტებზე, როგორც მახსოვს პირველის სექტემბრიდან ამოქმედება ყველა სახის კომპანიისა და საწარმოებისთვის. ახალი რეგულაციები დაიცავს.

რა თქმა უნდა, პირველი ნაბიჯები ქვეყანაში, სადაც შრომის ინსპექცია არ არსებობდა წლების განმავლობაში, გარკვეული აღსრულების პრობლემები შეიძლება არსებობდეს, მაგრამ ვთვლი, რომ ეს მენეჯმენტის საკითხია და მოგვარებადია. მთავარია, სახელმწიფოს ნება და კანონმდებლობა არსებობს და პირველი სექტემბრიდან ეს უნდა გახდეს ზრუნვა თითოეული ჩვენგანის,”-განაცხადა გიორგი გახარიამ.