ახალგაზრდა თაობასთან მუდმივი კონტაქტი და დადებითი შედეგის აქციები…

საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატი დავით უთმელიძე თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის ინიციატივით დაწყებულ კამპანიაში – ,,როდესაც სპორტი ცვლის სამყაროს“ ჩაება და თბილისის 60-ე საჯარო სკოლაში სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე გიორგი ჩაკვეტაძესთან და საბურთალოს მე-4 ოლქის მაჟორიტარ დეპუტატ ავთანდილ ცინცაძესთან ერთად იმყოფებოდა.

,,კამპანიის ,,როდესაც სპორტი ცვლის სამყაროს“ მიზანი ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია და ყველა იმ პროექტის ახალგაზრდობისთვის გაცნობაა, რომელიც თბილისის მასშტაბით სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მიმართულებით ხორციელდება.

მაჟორიტარი დეპუტატი „თეთრი ბარათების“ აქციაშიც ჩაერთო, რომელიც გაეროს ინიციატივით დაიწყო და მსოფლიოში სპორტის საშუალებით მშვიდობის დამკვიდრებისა და განვითარებისკენაა მიმართული.

დავით უთმელიძის თქმით, მსგავს ღონისძიებებს გარდაუვალი დადებითი რეზონანსი მოჰყვება.

,,აღნიშნული კამპანია ,,როდესაც სპორტი ცვლის სამყაროს“ ძალიან კარგი ინიციატივაა. ახალგაზრდა თაობასთან მუდმივი კონტაქტი და სპორტის პოპულარიზაცია ჩვენი მომავალი თაობების ჯანმრთელობისა და წარმატების საწინდარია. მჯერა, რომ მოსწავლეებსა და წარმატებულ სპორტსმენებს შორის გამართული მსგავსი შეხვედრები დიდ შედეგს გამოიღებს და არა ერთი მოსწავლე სპორტს ცხოვრების წესად აირჩევს“, – განაცხადა დავით უთმელიძემ.

 

შეხვედრას სპორტსმენებიდან ჩოგბურთელები ლაშა ლომაია და მარიამ კულუმბეგაშვილი, ჭადრაკის საერთაშორისო დიდოსტატი თორნიკე სანიკიძე, კალათბურთელები გიორგი გუგეშაშვილი და ნიკა ლოლიაშვილი ესწრებოდნენ. სპორტსმენებმა ახალგაზრდებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს და მათ შეკითხვებსაც უპასუხეს.

ღონისძიების დასასრულს, შეხვედრაში მონაწილეებმა სპორტსმენებთან ერთად სპორტის სხვადასხვა სახეობაში, მაჟორიტარ დეპუტათან ერთად კი ჭადრაკსა და მაგიდის ჩოგბურთში იასპარეზეს.