თბილისის მერიის საკურორტო მომსახურების ვაუჩერების რაოდენობა გაიზრდება

თბილისის მერიის „შშმ პირთა საკურორტო მომსახურების პროგრამის“ ფარგლებში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ყველა პირი, ვისაც საკურორტო ვაუჩერის მისაღებად განცხადება აქვს შეტანილი მერიაში, დაკმაყოფილდება.

როგორც დედაქალაქის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსი გელა ჩივიაშვილი განმარტავს, მუნიციპალიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება დამატებითი რესურსის მობილიზების შესახებ.

მისი თქმით, სამსახური დააკმაყოფილებს თბილისში რეგისტრაციისა და შშმ პირის სტატუსის მქონე ყველა იმ პირს, ვისაც მერიაში განცხადება შემოტანილი ჰქონდა 2019 წლის 1 თებერვლიდან 15 აპრილის ჩათვლით.

აღსანიშნავია, რომ 2015 წელს პროგრამით სარგებლობდა 600 შშმ პირი და თითოეული მათგანისთვის მერია 400 ლარს გამოყოფდა.