საპატრიარქომ დეკანოზის შესახებ იუსტიციის სამინისტროს და ომბუდსმენს მიმართა

საქართველოს საპატრიარქო დეკანოზ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით იუსტიციის მინისტრის მოადგილეს, გიორგი პატარიძეს და სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას მიმართავს. წერილს ხელს საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელი ანდრია ჯაღმაიძე აწერს.

როგორც ჯაღმაიძე იუსტიციის მინისტრის მოადგილის მიმართ გაგზავნილ წერილში წერს, სახალხო დამცველის ოფისმა დეკანოზ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაფასებლად დამოუკიდებელი სამედიცინო ექსპერტები ჩართო.

“მათ განაცხადეს, რომ მე-18 დაწესებულებაში პატიმარს არ უტარდება ის სამედიცინო დახმარება, რაც დიაგნოზიდან გამომდინარე მას სჭირდება. ეს დასკვნა და სახალხო დამცველის რეკომენდაცია, რომ იგი გადაყვანილი ყოფილიყო სამოქალაქო სამედიცინო დაწესებულებაში, გადაეგზავნა სასჯელაღსრულების უწყებასაც. ვინაიდან დეკანოზი გიორგი მამალაძე დღემდე რჩება მე-18 დაწესებულებაში, გთხოვთ თქვენი მხრიდან გვაცნობოთ, როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა”, – მიმართავს დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე იუსტიციის მინისტრის მოადგილეს.

სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას მიმართ გაგზავნილ წერილში კი საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელი წერს, რომ ომბუდსმენის რეკომენდაცია, გადაეყვანათ პატიმარი სამოქალაქო სამედიცინო დაწესებულებაში, უწყებას არ შეუსრულებია.

“ვინაიდან დეკანოზი გიორგი მამალაძე დღემდე რჩება მე-18 დაწესებულებაში, ხოლო მის საქმესთან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქოს პრესცენტრს დაინტერესებული პირები მომართავენ კითხვით, გთხოვთ გვაცნობეთ, რა არის მიზეზი იმისა, რომ თვეზე მეტია გასული და ამ ხნის განმავლობაში სასჯელაღსრულების უწყებას არ შეუსრულებია თქვენი რეკომენდაცია”, – წერია საპატრიარქოს მიერ ომბუდსმენისთვის გაგზავნილ წერილში.

საპატრიარქოს წერილს უკვე უპასუხა სახალხო დამცველის აპარატმა. 

“მსჯავრდებულ გიორგი მამალაძესთან დაკავშირებით, საქართველოს სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს 2019 წლის 7 მარტს. გაცემული რეკომენდაციის საპასუხოდ საქართველოს სახალხო დამცველის აპარატს ეცნობა პასუხი იუსტიციის სამინისტროდან და მოგვეწოდა მათი მოსაზრებები ამ საკითხის გარშემო.
სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ მოწოდებული მასალები საჭიროებენ დამატებით შესწავლასა და რეაგირებას. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი აგრძელებს კომუნიკაციას იუსტიციის სამინისტროსთან, ასევე აკვირდება პენიტენციური სამსახურის მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებს და აღნიშნულის შემდგომ, საჭიროების შესაბამისად მიმართავს დამატებით ღონისძიებებს”, – წერია სახალხო დამცველის საპასუხო წერილში.