საგანგებო ბრიფინგი შსს-ში

შინაგან საქმეთა სამინისტროში არჩევნების მიმდინარეობისას გამოვლენილ სამართალდარღვევებთან დაკავშირებით, მინისტრის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის ბრიფინგი გაიმართა.

როგორც ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა, ადმინისტრაციული წესით, პოლიციის მიმართ წინააღმდეგობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის სამართალდამცველების მიერ დაკავებულია 5 პირი, ხოლო გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის 2 საქმეზე.

„როგორც არაერთხელ აღვნიშნეთ, დღეს პოლიციის უმთავრეს ამოცანას წარმოადგენს მართლწესრიგის დაცვა და არჩევნების მშვიდ და უსაფრთხო გარემოში ჩატარების უზრუნველყოფა. სწორედ ამ მიზნით, საპოლიციო ძალები გადავანაწილეთ მთელი ქვეყნის მასშტაბით. ასევე, არაერთხელ მოვუწოდეთ ყველას, მათ შორის კოორდინატორებს, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს და მხარდამჭერებს, რომ დაეცვათ კანონი და საფრთხე არ შეექმნათ არჩევნების მშვიდობიან გარემოში ჩატარებისთვის”, – განაცხადა მეზვრიშვილმა.

შს მინისტრის თქმით, აშკარაა სიტუაციის გამწვავების მცდელობები და პროვოკაციები, მათ შორის პოლიციის მიმართ წინააღმდეგობა, მათი საქმიანობისთვის ხელშეშლა და ურთიერთდაპირისპირებები, მათ შორის ე.წ. საარჩევნო სიებთან დაკავშირებით.

„კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველას – პოლიტიკურ პარტიებს, მათ მხარდამჭერებს, კოორდინატორებს თუ დამკვირვებლებს, დაიცავით კანონი და ნუ მოახდენთ სიტუაციის ესკალაციას. წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიცია იმოქმედებს საკუთარი მანდატის შესაბამისად იმისთვის, რომ დროულად მოხდეს ყველა პროვოკაციის და დაპირისპირების პრევენცია და საარჩევნო პროცესი გაგრძელდეს მშვიდ ვითარებაში. პოლიციისთვის, როგორც პოლიტიკურად ნეიტრალური უწყებისთვის, მნიშვნელობა არ აქვს ვინ ჩაიდენს სამართალდარღვევას ან დანაშაულს, ყველას მიმართ რეაგირება იქნება შესაბამისი“, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

ამჟამად დაკავებულთა უმეტესობა ხელწერილის საფუძველზე გათავისუფლებულია.