“ტექინსპექტირებაში პრობლემებია, სერვისი არ მიეწოდება მუნიციპალიტეტებს…”

ტრანსპორტის და გზების ასოციაციის თავმჯდომარე დავით მესხიშვილი ამბობს, რომ ტექინსპექტირებაში პრობლემებია და ეკონომიკის მინისტრს მოუწოდებს, დროულად დანიშნოს აკრედიტაციის სააგენტოს დირექტორი.

„დღემდე ტექინსპექტირების სერვისი არ მიეწოდება შემდეგ მუნიციპალიტეტებს: ქედა, შუახევი, ხულო, ადიგენი, ასპინძა, ყაზბეგი, თიანეთი, მესტია, ცაგერი, მარტვილი, ლენტეხი. პრობლემა არის, რომ ბიზნესინტერესის გამო, ალბათ, კომპანიებს ურჩევიათ, რომ ასეთი სერვისი მიაწოდონ ქალაქის ცენტრებში, მაგრამ ეკონომიკის სამინისტროს ის დანაპირები, რომ ეს იქნებოდა გეოგრაფიულად ხელმისაწვდომი, სამწუხაროდ, არ არის შესრულებული“ – აცხადებს მესხიშვილი.

მისი თქმით, საქართველოს ბევრ მუნიციპალიტეტს ავტომობილების ტექინსპექტირების სერვისი არ მიეწოდება, მაშინ როდესაც ეკონომიკის სამინისტრო საუბრობდა, რომ ახალი რეფორმა გეოგრაფიულად ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნებოდა.